ჩემი 2012 წელი

არასოდეს დამიწერია პირადი პოსტი, ვთვლი/ვთვლიდი, რომ ჩემი ცხოვრება დიდად საინტერესო არაა თქვენთვის. თუმცა ახლა მომინდა განვლილი 2012 წელი შემეჯამებინა და თან ჩემი ამბებიც გამეანალიზებინა. ბოლოსდაბოლოს ბლოგი დასაწყისში ხომ დღიურის ფორმას ატარებდა და დღემდე მილიონობით ადამიანი იყენებს ამ მიზნით.

საკუთარი ერთი წლის გაანალიზება საინტერესო მეჩვენება ჩემთვისაც, მითუმეტეს თუ ამ პოსტს გამოხმაურება და რჩევებიც მოყვება.

2012 წელი დასაწყისშივე საინტერესო ჩანდა, დიდი ხანია ამ წელს აპოკალიფსურ წლად თვლიდნენ, ფილმებს უძღვნიდნენ და შიშით უყურებდნენ. თან ეს ჩემი წელი იყო, დრაკონის, 24 წლის გავხდი.  რა თქმა უნდა, პლანეტის აღსასრულს სკეპტიკურად ვუყურებდი, ეს უკვე მერამდენე მოლოდინი იყო, ჯერ კიდევ 2000 წელს მახსოვს მსგავსი განწყობა, მაშინაც ჩემი წელი იყო, 12 წლის გავხდი.

აღსასრულის მოლოდინით გაჟღენთილი 2012 წელი ჩემთვის ცუდად დაიწყო, 2011 წლის ბოლოს ბებიაჩემი გარდაიცვალა, ეს ადამიანი არ იყო ისეთი ბებია, რომლის გარდაცვალებაზეც ხუმრობენ ხოლმე, ეს ადამიანი ჩემთვის დიდი პიროვნება იყო, ნოდარ დუმბაძის ბებიას მაგონებდა, ეს იმიტომ დავწერე, რომ მიხვდეთ რამდენად გენიალური ადამიანი იყო. ჩემთვის წარმოუდგენლად, ოჯახის მხოლოდ 4 წევრით დადგა 2012 წელი და მთელი წელი სიცარიელე იყო ოზურგეთში. მერე როგორც ხდება, ხოლმე ცუდი ამბები ერთმანეთს მიეწყო, ჩემი საყვარელი ძაღლი მომიკვდა, მძიმედ გადაიტანა ზამთარი და ჩვენი საერთო ბებოს გარდაცვალება.

მე ისევ დავბრუნდი თბილისში, უკვე კრახისკენ მიმავალ ურთიერთობას ვაგრძელებდი ერთ გოგონასთან და ცხოვრების ჩვეულებრივ რითმს ვუბრუნდებოდი. ხო, ეს ის ურთიერთობაა, რომელიც შეიძლება ყველაზე სერიოზულად ჩაითვალოს ჩემს ცხოვრებაში, უცნაური ურთიერთობა კი იყო, არასოდეს მიფიქრია რომ მასთან ერთად ვიქნებოდი და თან ამდენი ხანი, ჩემთვის დიდი ხანია რამოდენიმე თვე (ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს). გურული ხასიათი ყველგან ჩანს, სისწრაფე, დაუდგრომლობა, ფეთქებადი ხასიათი, რაც დიდხნიან ურთიერთობებს ვერ უზრუნველოყოფს ხოლმე.

კარიერის კუთხით საინტერესო წელი იყო, ვმუშაობდი ერთ-ერთ ახალ კომპანიაში, დიდი გამოცდილება მივიღე, ვისწავლე ბიზნესის საწყის ეტაპზე მუშაობის სპეციფიკა და საკმაოდ სტრესული სიტუაციების გამკლავება. თუმცა არც ამ  ისტორიას ქონდა „Happy End“-ი და მალევე მომიხდა კომპანიის დატოვება. შემდეგ იყო ტრენინგები ოზურგეთში, მე ვატარებდი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მომწონს ტრენინგების ჩატარება, ლექციების წაკითხვა და მსგავსნი, სავარაუდოდ 2013 წელს ამ კუთხითაც გავაგრძელებ საქმიანობას. ხო, მთავარი, როგორც იქნა დიპლომი მაქვს და დავამთავრე უნივერსიტეტი, 2012 წელს პირველი სექტემბერი იყო 1994 წლის შემდეგ რაც სასწავლებელში არ წავსულვარ. მართალია მაგისტრატურაზე ჩავაბარე, მაგრამ არ გამიგრძელებია სწავლა ჯერ-ჯერობით, დასვენება მჭირდებოდა. მაგისტრატურაზე ისევ ილიაუნიში ვარ და საინტერესო პროფესიაც ავირჩიე, ჩემი აზრით, მედია მენეჯმენტი,  ვნახოთ რა გამოვა.

ალბათ ვინც ამ პოსტით დაინტერესდა ყველაზე მეტად პირადი ცხოვრების ამბების გაგება უნდა, საერთოდ ადამიანებს უყვართ სხვისი ცხოვრების ინტიმური დეტალების გაგება, განხილვა და რაც მთავარია კრიტიკა. დასაწყისში აღვნიშნე, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ურთიერთობა დასრულდა ამ წელს თქო, რას ვშვებოდი შემდეგ? მერე იყო ბევრი ფლირტი, სერიოზული და განსაკუთრებული არაფერი. რამოდენიმე უცნაური ურთიერთობა, აღფრთოვანება და მალევე გადაფიქრება, საბოლოო ჯამში არც არაფერი, კიდევ ერთი წელი დასრულდა ისე, რომ მე ისევ ვერ ავაწყვე სერიოზული ურთიერთობა. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი პრაგმატულობის ბრალია, რომანტიკულობის ნაკლებობის. ხანდახან მგონია, რომ გრძნობები არ მაქვს, თავს ვერ ვკარგავ, ვერ ვაფრენ ან იქნებ ჯერ მართლა არ მინახავს „ის“ გოგო? არ ვიცი, ყოველთვის მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ ვარ ასეთი. არ იფიქროთ რომ ვწუწუნებ, ან ჩემი ურთიერთობებით უკმაყოფილო ვარ, პირიქით კარგად ვარ, ბევრს მოვწონვარ, ყურადღებას ვგრძნობ და ა.შ. მაგრამ სტაბილურობა მაკლია და ეს არ მომწონს, ვფიქრობ ეს ხელს მიშლის არა მარტო ურთიერთობებში, არამედ საქმის კეთებაშიც.

ამ წელს ჩემს სანაცნობო/სამეგობრო წრეს ახალი ადამიანები შეემატა, ძალიან მაგარი ადამიანები, ამას თუ წაიკითხავენ აუცილებლად მიხვდებიან ვისაც ვგულისხმობ, რომ ჩამოვთვალო მერე ერთ-ერთი (ეჭვიანია) იტყვის განსაკუთრებულად რატო არ აღმნიშნეო და სჯობს ყველას ერთად გითხრათ რომ მიყვარხართ.

ჩემი ძველებიც არ მავიწყდება, ჩემი უახლოესი მეგობრები, რომლებიც მუდმივად ჩემს გვერდით არიან და რა თქმა უნდა ჩემი თანამოსახლეები, სახლი სადაც რეალურად ადგილი ცოტაა, მარა ცხრა ძმის არ იყოს, 5-6 კაცი ვიყოფთ.

2013 წელს მხოლოდ 3 წევრით შეხვდება ჩვენი ოჯახი, იმიტომ რომ მამაჩემი წავიდა რუსეთში, ეს ცოტა სევდიანია, რადგან პირველადაა მამაჩემის გარეშე რომ ვხვდებით ახალ წელს.

ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანი მოვლენა წლის ბოლოს ჰობიტის გამოსვლა იყო, მანამდე ჩვენთანაც მოვიდა ჰობიტი, ოქტომბერში, ჯერ-ჯერობით ახალ დაწყებული აქვს მოგზაურობა, დრაკონი ჯერ ვერ დაამრცხა. 2012 წელი მაინც დრაკონის წელია და… ის ისევ ზის, საგანძურს დარაჯობს, განათება ჩააქრო სხვათაშორის, არ მომაგნონო. აპოკალიფსური 2012 სხვა მოვლენებითაც იყო გამორჩეული, მაგრამ ისედაც კარგად მოგეხსენებათ და აღარ შეგაწყენთ თავს.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველად მოხდა საქართველოში, რომ ბრძოლა ხელისუფლებისთვის უსისხლოდ დამთავრდა, იმედია „თარსი“ რიცხვის წელიც უსისხლო, ბედნიერი და გახარებული საქართველოს დასაწყისის წელი იქნება.

Advertisements