ჭამა და უზრდელობა

”ჭამა და სექსი” სულ რამოდენიმე დღეა რაც თბილისის კინოთეატრებში გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოყვა საუბრები, რეცენზია და ა.შ. ეგ კი არა ფილმის გამოსვლამდეც კი იყო შეფასებები და ”სურვილები” ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის მისამართით.

მე, როგორც ერთ-ერთი რიგით ქართველი, რომელიც განებივრებულია ქართული ”შედევრებით”, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ფილმის მიმართაც. (მსგავს წინადადებას თითქმის ყველა რეცენზიაში და კომენტარში ნახავთ) შეიძლება სწორედ მსგავსმა მოლოდინმაც განაპირობა ფილმის მოწონება. თუმცა ეს მოწონება არც იქნებოდა ბილეთი რომ არ მომეგო, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნე, კარგი მოლოდინი ნამდვილად არ მქონია და შესაბამისად არც ბილეთს ვიყიდდი.

ფილმის მიმოხილვას არ დავიწყებ, ეს უკვე ბევრმა გააკეთა და ძალიან კარგადაც. მე უბრალოდ ჩემს ემოციებს გეტყვით, რაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ დამეუფლა.

ფილმი მხოლოდ ქართველებისთვისაა.იქ შექმნილი სიტუაციები თუ დიალოგები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევს ემოციას, ხოლო რა ემოციას ეგ ძალიან მაინტერესებს. მე მაგალითად თავიდან ვიცინე და შემდეგ უკვე ცოტა შეცოდების გრძნობაც გამიჩნდა იმ საზოგადოების, სადაც მსგავსი სიმახინჯეები ხდება, რაც ფილმშია აღწერილი. ყველაზე მეტად ბოლო ეპიზოდი მომეწონა და ვთვლი ძალიან ბევრ ავადმყოფურად შეპყრობილ, დაკომპლექსებულ ქმარს დააფიქრებს, ალბათ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ფილმი კარგია, მუსიკა მომეწონა, მსახიობების თამაშიც და სცენარიც. ცალკე ქება ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებმაც ფილმის რეკლამირებაზე იზრუნეს, რადგან მე როცა ვნახე, რუსთაველის დიდი დარბაზი სავსე იყო.

ფილმში არის რამოდენიმე რეკლამა, მაგალითად ახლა მახსენდება ჟურნალი ,,ტაბულას” გამოჩენა, რაც ისე კარგად იყო გაკეთებული, რომ არ იწვევდა გაღიზიანებას. რაც საკმაოდ იშვიათია, განსაკუთრებით ქართულ კინემატოგრაფიაში.

ძალიან საინტერესო იყო სალაროსთან ბილეთების ყიდვის დროს ”ჭამა და სექსის” ხსენებით გამოწვეული კრძალვა და მორიდება. ზოგი წინასწარ ბოდიშს იხდიდა, ზოგიც ჭამა და იმაზე მინდაო, ერთმა ძალიან დიდი ბოდიში გოგონა მსგავს სიტყვებს რომ გკადრებთო. იყო ნაცნობები, რომლებმაც ”ვერ მიცნეს”, მოკლედ ქართული სიტუაცია იყო კინოთეატრში, ბევრი სიცილი და არაადეკვატური გამოხტომებიც  საერთოდ არასასაცილო მომენტებში.

ასე რომ, ფილმის ერთხელ ნახვა ნამდვილად ღირს და გირჩევთ მიხვიდეთ კინოთეატრებში.

Advertisements