მადლობა, მაგრამ არც ისე დებილები ვართ

ჯერ კიდევ გასულ წელს გვითხრეს ხოფერიას ,,აუდიტორიაში” დაუნი თაობა ხართო. შემდეგ იგივე ,,სპეციალურმა რეპორტაჟმა” შეგვახსენა რამდენიმე თვის წინ, რაღა თქვენ და რაღა ის თხუნელა, თავზე რო უქნეს, სამკუთხედის გვერდები ვერ დაგითვლიათ სტუდენტებსო. ხოდა, ჩვენც ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავაკეთეთ გამოკითხვა, მეტ-ნაკლებად ობიექტური შედეგის მისაღებად.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ჭკვიანი თაობა ვართ, თუმცა არც პირიქით. საერთოდაც, არ არსებობს დებილი ან გენიოსი თაობა, არსებებენ მხოლოდ ცალკეული ადამიანები.

ეს გამოკითხვა, პირველ რიგში, ჩემივე თაობის იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ მართლაც დაუნები ვართ, უბალოდ თვითონაა ,,ბედნიერი გამონაკლისი”.

სტუდენტები გამოვკითხეთ შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: ილიას უნივერსიტეტი, თსუ, სდასუ, საქართველოს უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი.

სდასუ საოცრებაა, არ ვიცი კარგი თუ ცუდი გაგებით.  დაცვამ შენობაში შეგვიშვა, მაგრამ წინასწარვე გვითხრა, ახლა ლექციებია და ვერავის იპოვითო. ჩვენ ვიფიქრეთ, ერთი სტუდენტი როგორ არ იქნება, ან ბუფეტში, ან სადმე დერეფანში, მაგრამ მართლაც, ისეთი სიწყნარე იყო, სარკოფაგში გვეგონა თავი, ჩურჩულით ვსაუბრობდით. ნახავთ კიდეც, სტუდენტებიც ისე გველაპარაკებიან, ხმადაბლა. ჩემს უნივერსიტეტში ლექციების დროსაც ხმაურია და ალბათ მაგიტომ გამიკვირდა.

ტექნიკური უნივერსიტეტი ცალკე თემაა საერთოდ. ყველაზე მეტად იქ გაგვიჭირდა სტუდენტების დათანხმება გადაღებაზე. ერთი საყვარელი, უწყინარი შესახედაობის გოგო გავაჩერეთ და ავუხსენით, რა სახის გამოკითხვას ვატარებდით. არ დაგვთანხმდა. ვეუბნები, გეპეის სტუდენტებს, როგორც წესი, ყველაზე მეტს ლანძღავენ და მოდი დავუმტკიცოთ, რომ არაა სწორი მეთქი და უცებ ეს კაფანდარა გოგო აგრესიულად მპასუხობს: მე ცხოვრებაში არავის არაფერს ვუმტკიცებ, გაიგეეე?! მეთქი, ქურდულს აწვები, დაიკო? ვერ ვპატიობ თავს, რომ ეგ არ გადავიღე, მაგრამ ალბათ კამერას გადამამტვრევდა თავზე, ან ქურდებთან მაინც ამიყვანდა.

მეორე გოგომ გვითხრა, რა შენ ეჭვი გეპარება, რომ დებილი თაობა ვართო?! აი, სწორედ ეგ იყო, ,,ბედნიერ გამონაკლისად” რომ მიაჩნია თავი. ჩემს ჯგუფში ყველა დებილიაო. შენ ხო ჭკვიანი ხარ და ბარემ შენ გკითხავ-მეთქი, ვერ დავითანხმე.

აი, მე პირადად ყველაზე მეტად ეგეთები მაღიზიანებს, ვიღაცამ შეიძლება არ იცის რომელ კონტინენტზე მდებარეობს ავსტრალია და არც გამოიდებს თავს ცოდნაზე, მაგისთანებს კი თავი სხვაზე უკეთესი ჰგონიათ.

მოკლედ, საბოლოო ჯამში,  პასუხების უმეტესობა სწორი იყო. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად ეშლებოდათ, რამდენი ზღვაა საქართველოში და ავსტალიის მდებარეობა.

ვიდეოში ვერ მოხვდა რამოდენიმე სტუდენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ხმა საერთოდ არ ისმოდა. თუმცა მათი პასუხები საერთო სურათს არ ცვლის. ვიდეო პირველია და ხარისხი გვაპატიეთ. 🙂

პ.ს. კამერისთვის მადლობა ლიტერატორს.