არაადეკვატური დამოუკიდებლობის დღე

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 20 წლის წინ მოსახლეობის 90%-ზე მეტმა რეფერენდუმის საშუალებით განაცხადა, რომ სურდა დამოუკიდებელი, სუვერენული სახემწიფოს მოქალაქეობა და არა რუსეთთან ყოფნა. დღეს იგივე გამოკითხვა რომ ჩაატაროს ვინმემ, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი შემცირებული იქნება. მოენატრა ხალხს სსრკ.

მე მიყვარს დამოუკიდებლობის დღე. მედღესასწაულება. რომ არა გუშინდელი მიტინგის დარბევა, მინდოდა დამეწერა, რომ ხალხი არ აფასებს სათანადოდ ამ დღე, როგორც წესი, სამთავრობო დღესასწაული ჰგონიათ და არც მაინცდამაინც ერთმანეთს ულოცავენ. მინდოდა დამეწერა, რომ არც ერთი ხელისუფლება არ მოიკიდებს ზურგზე 26 მაისს და არ წაიღებს არსად, რომ ეს ეროვნული დღეა და ყველას ერთნაირად ეკუთვნის. ეს მინდოდა დამეწერა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მიყვარს აღლუმები და არასოდეს დავდივარ. მაინც მიყვარს და მაინც მედღესასწაულება.

მინდოდა დამეწერა, მაგრამ გუშინდელმა მოვლენებდა გადაფარეს, ამიტომ მიწევს, ამ თემაზე დავწერო. გუშინ ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა, რომლის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, როგორც ვებერი იტყოდა, მხოლოდ მასვე აქვს. ჩემი აზრით, სახელმწიფომ ეს წუხელ ყველაზე დახვეწილად გააკეთა. მივიდა, გააფრთხილა მომიტინგეები, რომ დაშლილიყვნენ, რომ აღარ ჰქონდათ იქ დგომის უფლება და წასულიყვნენ სადმე სხვაგან, რის არშესრულების შემდეგაც ძალით გაყარა.

ამბობენ, რომ ზედმეტი ძალა გამოიყენეს. შეიძლება, მე არ ვიცი, რამდენია ზედმეტი და რამდენია საკმარისი ძალა. არც ეს ხელისუფლებაა ფრთიანი ანგელოზი და დარწმუნებლი ვარ, ცოტა არაადეკვატურ ძალას გამოიყენებდა, რაღაცას დაარღვევდა, რაღაცას დააკლებდა, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში სხვა რამეა. სხვა დროს, როდესაც მთავრობა მიტინგს არბევდა, არ იყო სწორი, გინდათ 7 ნოემბერს, გინდათ ვეტერანები რომ დაარბია და ა.შ.  გუშინ კი ამის სრული უფლება ჰქონდათ!

ძალიანაც შემცოდა ის ხალხი, ვინც იქ ცემს, მაგრამ რომ მიდიხარ და ბურჯანაძეს უდგები გვერდით და საშუალებას აძლევ, პოლიტიკურ სატყუარად გამოგიყენოს, დაფიქრდი რა რამეზე!

მოკლედ, ხალხი ყველას კიდია.  გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვის უფრო.

მე დღესასწაული ჩამშხამდა. იმ  ორი დაღუპულის ოჯახს – მთელი ცხოვრება.

უნარ და უფლება შეზღუდულები

გეძღვნება შენ

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. თუ გინდათ ინვალიდი. არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ იმუნიტეტი მაქვს უკვე-აღარ ვრეაგირებ.

მოკლედ, მე შესაძლებლობები მაქვს შეზღუდული-გარდა იმისა, რომ საკუთარი ფეხით ვერ დავდივარ, განათლების უფლებაც მეზღუდება, გართობისაც, ქუჩაში გადაადგილებისაც.

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. სკოლის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. შესაძლებლობები შემეზღუდა და სახლში დავჯექი. ახლაც ძალიან ცოტა ადამიანი დადის ეტლით სასწავლებელში (ალბათ), 6 წლის უკან ეგეთების ჩამოთვლას ცალი ხელის თითები ეყოფოდა. ასე რომ, მე განათლების მიღების უფლება შეზღუდული პიროვნებაც ვარ.

თავიდან რამდენიმე წელი სახლში ვიჯექი. მერე დავიწყე გარეთ გამოსვლა. ახლა როცა სადმე წასვლა მინდა სამმაგი მეხარჯება, ვიდრე თქვენ. მე ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ დავდივარ, ეგ კი არა და ზოგჯერ ტაქსისტებიც შიშით მიყურებენ და არ მიჩერებენ. მე საზოგადოებრივ ტრანსპორტ შეზღუდული ვარ.

ქუჩაში ისე მიყურებენ, თითქოს საშიში ვიყო. ან უცხო. ახლა შევეჩვიე, თავიდან გარეთ გასვლა მეზიზღებოდა. ადამიანებს ვეცოდები. მე კი არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. მე ადამიანური ურთიერთობები მაქვს შეზღუდული. და, რაღა თქმა უნდა, რომ სიყვარულის უფლებაც-ეტლი აქაც ძალიან დიდი ბარიერია.

მე დასვენების უფლება მაქვს შეზღუდული. ზღვაზე ძალიან ჭირს სახლის პოვნა. ბინა, რა თქმა უნდა იყოს, დაბალ სართულზე უნდა იყოს, ეტლით რომ შევიდე. სპეციალური ასასვლელები ქობულეთში კი არა თბილისშიც არ არის. არც დიასახლისებს უნდათ მდგმური, რომლის დანახვაც დამსვენებლებს განწყობას გაუფუჭებს (მათივე ფრაზა).

საბედნიეროდ, თუ იპოვი ბინას კარგი ადამიანებით, საღამოობით კაფეში მაინც წააწყდები გაოცებულ მზერას, როცა ცეკვა გადაწყვეტ. არავის წარმოუდგენია, თუ შეიძლება მხიარული და ბედნიერი იყო მაშინაც, როცა ეტლში ზიხარ. ასე რომ, მე გართობის უფლებაც შეზღუდული მაქვს.

მე ჩემს მთავრობას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს მარტო მაშინ ვახსენდები, როცა რაიმე დღესასწაული მოდის და ეს ძალიან გავს მოწყალებას. ზოგჯერ დაცინვასაც.

როცა ცუდად ვარ, გარეთ გასვლა და ნორმალური ცხოვრება მინდა, უკრაინა მახსენდება, სადაც რეაბილიტაციის კურსებს გავდივარ ხოლმე. იქ არ მაქვს შესაძლებლობები შეზღუდული და ვგრძნობ რამხელა სიამოვნებაა, თუნდაც ელემანტარულად მაღაზიებში დამოუკიდებლად გავლა.

როცა უკრაინის გახსენებაც არ მშველის, ის მახსენდება, რომ მე შესაძლებლობები დროებით მაქვს შეზღუდული და ოდესმე (კი არა და მალე!) აუცილებლად გავივლი, მაგრამ ვინც იცის, რომ ვერ გაივლის?! ან ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, ან რაიმე სხვა?!

მე არ მინდა სიბრალული. მე არ მინდა ადგილის დათმობა ბანკის რიგში, ან სადმე სხვაგან. მე დამოუკიდებლად ცხოვრება მინდა. მე მყოფნის ის, რისი შესაძლებლობაც ისედაც შეზღუდული მაქვს. დამიბრუნეთ განათლების, გართობის, გადაადგილების, მუშაობის, ადამიანური ურთიერთობის უფლებები!

ჩვენ გვინდა სიცოცხლის შესაძლებლობაც არ შეგვეზღუდოს!