ჩემი პოეტები

მეგონა, რომ ამ თემაზე ყველაზე უკეთესად დავწერდი, მაგრამ ახლა ვზივარ და არ ვიცი, საიდან დავიწყო…

მაშ ასე. პოსტი ეხება მხოლოდ ქართველ, თანამედროვე და ,,ჩემს” პოეტებს.

ბევრი ლექსი მომწონს. ზოგიერთი ავტორის მხოლოდ ერთი ვიცი, ან ბევრი წამიკითხავს, მაგრამ მხოლოდ ერთი მომწონს. ზოგიერთი აკვიატებული ლექსის ავტორიც არ ვიცი. ყველას, რა თქმა უნდა, ვერც ჩამოვთვლი და ვერც გავხსნებ, ამიტომაც, მხოლოდ რამდენიმე და გამორჩეულად ,,ჩემი” პოეტი.

არ ვიცი, რა უნდა ქონდეს ლექსს, რომ მომეწონოს. ვერლიბრიც მომწონებია, კონვენციურიც. არ მიყვარს ასე დაყოფა.არ მახსენდება,მომწონებოდა უაზრო ლექსი.  კიდევ, არ მიყვარს სენტიმენტები. არ მიყვარს იმ თემებით ცუდად მანიპულირება, რაც ხალხს აღელვებს. მაგალითად, სამშობლოზე ისე წერა, რომ ათასჯერ ახსენო ლექსში საქართველო, ან აფხაზეთი და სამაჩაბლო.  თუ ამ თემაზე ჩემს საყვარელ ლექსს მკითხავს ვინმე, უცებ რეზო გეთიაშვილის ,,გოქსუ” მახსენდება, სანდრო ლორთქიფანიძის ,,საა” , გიო საჯაიას ,,განწირული თაობა” და ზვიად რატიანის ,,ნეგატივი. ოცი წლის შემდეგ”.

მიყვარს ლექსი, რომლის განწყობა დიდხანს დამყვება თან. სწორედ ამ ( და არა მარტო) ნიშნით, ძალიან მომწონს ჯერ კიდევ ბავშვის, მარიამ ბაჯლიძის და ეკა ქევანიშვილის პოეზია. აკვიატებული ფრაზებით:

,,ჩემი
მეგობარი ნაგავსაყრელია.
ერთი დიდი აყროლებული უფსკრული.
მეც მისთვის ხრამი ვარ პირღია,
ფეთქებადი.”

,,როგორ გადარჩა
ხუთასი და მოკვდა სამასი.
დარჩა სამასი და მოკვდა ასი.
მოკვდა ერთი.
ერთი ხომ მოკვდა!
თითქოს ცოტაა.”

,,ჰოდა, ახლა გეკითხები:
-რამდენჯერ უნდა გაკოცო, რომ მოგირჩე, დე?
პასუხი არ გაქვს.
ისევ მარტო ვრჩებით  ჩემს ოთახში- მე
და კედელზე ჩამოკიდებული დამტვერილი ქრისტე”

,,ყველაფერს შევძლებ…
ოღონდაც მყავდე,
ოღონდაც მყავდე,
ოღონდაც..
ამინ! ”

შემოდგომამშვიდობისა. ჰო. რატიანი. ამ ადამიანის პოეზია არის გენიალური!! და ამას ყველაგან, ყოველთვის თამამად ვიტყვი!

პირველად ,,მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა შემიყვარდა. თუმცა მანამდე, კარგა ხნით ადრე, მქონდა ამოჩემებული ერთი ფრაზა: რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავლოთდით, ვერ გავმდიდრდით, ვერც დავიხოცეთ?!” მერე რა, რომ ლექსებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ. ყველა მისი ლექსი, რომელიც მე წამიკითხავს, არის შედევრი.  საერთოდაც, აწი ერთი ხაზიც რომ არ დაწეროს, ესეც ეყოფა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს,დაწერს.

და ბოლოს, პოეტი, რომლითაც ალბათ უნდა დამეწყო წერა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ,,ჩემი” პოეტი. ყველამ იცის, ჩემი მისი პოეზიისადმი დამოკიდებულება, თუკი ოდესმე ვინმესთან ამ თემაზე გაკვრით მაინც მისაუბრია. გიო საჯაია. ავტორი, რომლის წიგნსაც იმ დღესვე ვიყიდი, როდესაც დაიბეჭდება და გაყიდვაში გამოვა. ვიყიდი და სულ ჩანთით ვატარებ, მხოლოდ იმიტომ თუ ამოვიღებ, რომ ღამით საწოლთან დავიდო. რომ შემეძლოს, მთელს ტირაჟსაც ვიყიდდი და მხოლოდ იმათ დავურიგებდი, ვისაც მე მომინდებოდა. ეეხ, არადა, წიგნი ჯერ სადაა… :/

მისი ,,დუმილის პოეზია” პირველად ,,ლიტრატურულ პალიტრაში” წავიკითხე. მერე ლიტ.ჯე-ზე ვკითხულობდი ყოველ დღე. ახლა, როცა ერთი ლექსი უნდა ავარჩიო და დავდო, არ ვიცი, რომელი. თითქმის ყველა ლექსიდან მახსოვს მონაკვეთები: ,,ვერა, ვერ ამოხვალ შენ ჩვენი ვალიდან ღმერთო, და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში”. ,,ყოფნას და არყოფნას სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით”.  ,,არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის, წლებთან ალაბედზე ვაგორებ კამათელს”.  ,,რა მოგიყვე?! ქუჩაა, მოსაშვილის, უშენობას, არც მეტი, არც ნაკლები, მივუყვები…” ,,ყველაზე მარტივი მოტივი მარტია”. ,,და არაფერი აღარ რჩება შეგრძნების გარდა, რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა”.

მომწონს არამარტო პოეზია, არამედ ავტორის დამოკიდებულებაც მის მიმართ. თავიდან ეგოისტურად მიყვარდა მისი პოეზია და მინდოდა, მარტო მე მცოდნოდა. მერე დავასკვენი, რომ ჩემი ,,წილი” მარტო ჩემი იყო და ვერც ვერავინ გაიგებდა ისე, როგორც მე. ხოდა, გამიარა ეგოიზმმა. ასე რომ, იკითხეთ და შეიყვარეთ ეს ავტორი.

სულ ეს იყო.  დანარჩენი წაიკითხეთ, თორემ პოეზიაზე ისე წერა რომ შემეძლოს, როგორც საჭიროა, პოეტი ვიქნებოდი მეც. და ბოლოს, ისევ საჯაია.
ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს –
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო… მოხვიდოდი…

ჩემი სუბიექტური პოეზია

მე მიყვარს პოეზია. ვკითხულობ ქართველ, თანამედროვე ავტორებს და მომწონს. რა თქმა უნდა, ყველა არა და რა თქმა  უნდა, ერთნაირად არა. ვკითხულობ, ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ პროფესიონალობამდე შორს ვარ, არც ტექნიკური მხარეები მესმის ლექსის და არც ბევრი სხვა რამე, მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პრეტეენზია იმაზე, რომ ის პოეზია, რომელიც მე მომწონს არის კარგი და გაუძლებს დროსაც, კრიტიკასაც, უამრავ ვაი-პოეტსაც.

როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, ადრე მომღერლობა იყო მოდაში, ახლა-პოეტობაა. წერს ყველა, ვისაც არ ეზარება (წეროს ბატონო), თანაც პრეტენზია აქვს, რომ ყველაზე უკეთ წერს. თუ ლექსი დაუწუნე, გეტყვის, რომ გრძნობით დაწერა და შენ უბრალოდ ვერ გაუგე. გრძნობა კარგია, მაგრამ ვინც რამდენჯერ რამეს იგრნობს, ლექსი თუ დაწერა და თავი უკვე შემდგარ, დამუშავებულ პოეტად წარმოიდგინა, ცუდად იქნება საქმე. თუ მარტო იგრძენი და დანარჩენის აზრზე არ ხარ (ჩემი არ იყოს), როგორ უნდა გამართო ლექსი ტექნიკურად, შინაარსობრივად და ა.შ, შეიძლება, რომ ქვეყანას არ მოსდო და წერო და იკითხო შენთვის. კარგი, ჯანდაბას, იმასაც წააკითხე, ვისაც ეძღვნება და გაუხარდება, მაგრამ სხვებს რას ერჩი?!

ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, კარგი ლექსი მარტო არ უნდა ბურძგლავდეს ადამიანს. რაღაცა უნდა ქონდეს ისეთი, რაც სხვებისგან გამოარჩევს: სათქმელი, ფორმა… ბალახს და ტალახს მეც ვრითმა ბატონო და სიყვარულზე კიდე ყველა წერს ამ ,,ბალახი-ტალახი” რითმით.

კიდეც ერთს დავაკვირდი: რაც უფრო ომახიანად კითხულობს ავტორი ლექსებს, მით უფრო იჩრდილება შინაარსი და ყველა აღფრთოვანებული რჩება.

როდესაც პოეზიაზე ვლაპარაკობ და ვამბობ, რომ არ მომწონს რომელიმე, ბოლო დროს გაპოპულარულებული ავტორი, მაშინვე მისი დამცველები მეკითხებიან, ვწერ თუ არა თავად. როდესაც ვამბობ, რომ არა, ირონიულად მპახუხობენ, მაშინ გასაგებიაო. ნეტავ  რა არის გასაგები?! სწორედ იმიტომ არ ვწერ, რომ ვკითხულობ და ვხვდები, რომ ის, რისი თქმაც მე მინდოდა, ან რისი თქმაც აზრადაც არ მომივიდოდა, ჩემზე ასჯერ უკეთესად გამოუვიდათ სხვებს. ხოდა აღარ ვწერ მერე. თანაც საკუთარი თავის მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეფასების უნარი ადრევე ჩამომიყალიბდა. მივხვდი, რომ არ გამომდის წერა, თორე 8 წლის ასაკში მეც ვგიჟდებოდი ფურცელზე და კალამზე, თან აუცილებლად მჯეროდა, რომ ყველა პოეტი გიჟი იყო. გავიზარდე მერე, შემეცვლა შეხედულებები. მგონი ყველა ვერ გაიზარდა.

მე მსიამოვნებს, როდესაც პოეტი მუშაობს ლექსზე და ეს შედეგს ეტყობა. არ ვემხრობი, მუზა რომ შემოგაფრინდება და დაწერ, მერე ხელი არ უნდა მოკიდო და არ უნდა გადააკეთოო, რომ ამბობენ. როდესაც ავტორი აქვეყნებს მხოლოდ დამუშავებულ ლექსებს, ვხვდები, რომ მკითხვლი ადარდებს. ალბათ ყველას დაუწერია ისეთი რამე, რაც თვითონაც იცის, რომ კარგი არაა (სხვა ლექსებთან შედარებით თუნდაც) და არ გამოუქვეყნებია. მე მიყვარს, როდესაც იმედს არ მიცრუებენ.

ამ პოსტს არასოდეს დავწერდი, რომ არა ერთი რამ: ამ ბოლო დროს, ჩემს საყვარელ პოეტებს მოიხსენიებენ ისეთების გვერდით, რომ ძალიან ვღელავ. მაგალითად:  ,,მომწონს თემურ ელიავა და საჯაიააააა”. კარგით რა ხალხო, კარგით რა! ელიავა და საჯაია ერთად?! ის მაინც თქვით, რომ საჯაიას ერთი ლექსი გაქვთ წაკითხული და მეტი არა, ან რამე, თორე ეს ორი ავტორი ერთად როგორ უნდა იყოს ვინმეს საყვარელი პოეტი, არ მესმის და ვერ გავიგებ ვერასდროს. კიდევ კარგი, რატიანი და ელიავა ერთად ჯერ არ გამიგონია თუ მოსწონს ვინმეს.

მე მომხრე ვარ, რომ ვისაც გაუხარდება წეროს და ხალხმა თუ არა, დრომ მაინც გადაარჩიოს მერე.  პირიქით, მირჩევნია ეგ ,,პაპსა” პოეტები უყვარდეს ბევრს და ,,ჩემს” ავტორებს ცოტა იცნობდეს. თან, ვინც იცნობდეს, შეფასებაც შეეძლოს ნორმალური, თორემ სასტიკად ეჭვიანი ვარ ამ საკითხში, ვერ ვინაწილებ ჩემს საყვარელ პოეტებს ყველასთან.

მერე, ოდესმე, რომ გავთამამდები, ცალკე დავწერ ,,ჩემს” პოეტებზე.