თითქმის მკვდარი ქალაქის ჩანაწერები

(პოსტი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე და სხვა საიტზე გამოვაქვეყნე. რაღაცეები შეიცვალა ამ პერიოდში, უკვე კომპიუტერიც მაქვს და ინტერნეტიც, მაგრამ რადგან ოზუ ისევ თითქმის მკვდარი ქალაქია, მინდა, ჩემს ბლოგზეც იყოს ეს ნაწერი).

ოთხი წლის პაუზის შემდეგ ისევ ოზურგეთში (ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი) ვცხოვრობ. არ მაქვს კომპიუტერი. ინტერნეტი მხოლოდ მობილურით. ტელევიზორი უჩვენებს ოთხ არხს, აქედან ერთს-გურიის ტელევიზიას, დროგამოშვებით. ვმუშაობ დაახლოებით რვა საათს დღეში.

ოზურგეთი თითქმის მკვდარი ქალაქია. ხალხი დადის, საკმაოდ ბევრიც. მუშაობს რამდენიმე კაფე-ბარი და რესტორანი. მათგან ერთი ბარი ნორმალურია. არ მუშაობს კინო, სამაგიეროდ გაიხსნა ახალი საავადმყოფო. არ ვიცი თუ იმართება სპექტაკლები თეატრში, ალბათ არა. ძალიან ცივა.

თითქმის მკვდარი ქალაქია – მეთქი, ვამბობ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ და რითი ერთობიან აქ ადამიანები. არც ის მახსოვს მე რას ვაკეთებდი ოთხი წლის წინ?! ალბათ მეგობრები მყავდა. ახლა აქ მხოლოდ ორი მეგობარი მყავს, ორივე გათხოვილი. ერთს ყოველ დღე ვნახულობ, მეორეს თვეში ერთხელ. ვისმენ როგორ უნდა მოუარო ბავშვს, ან რა უნდა წაიღოს სამშობიაროში და შიგნიდან მაკანკალებს.

არ მრჩება დრო ქალაქში საბოდიალოდ, ჯერ-ჯერობით, რადგან ადრე ღამდება. დღეები კი ძალიან სწრაფად გადის. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ექვსის ნახევრიდან არაფერს ვაკეთებ.

ვერ ვიტყვი, რომ მოვიწყინე ან ცუდად ვარ ამ მკვდარ ქალაქში, ალბათ ვეჩვევი და მეც ვკვდები თანდათან.

თან როცა წვიმს, ყველაფერი სველია და ნაცრისფერი, ოზუს არაფერი შეედრება…