რატომ კრუტუნებენ კატები?

   სტატია თარგმნა და მოამზადა გიორგი მელაშვილმა

როდესაც თქვენი კატა კალთაში მოგიკალათდებათ, ფეხებს მოიკეცავს და კრუტუნს იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის ირგვლივ სამყაროში ყველაფერი წესრიგშია. ეს ფაქტი ერთ-ერთია, რის გამოც გვიყვარს კატები, სიმყუდროვის, კმაყოფილების და ბედნიერების გრძნობისთვის, რასაც გვიზიარებენ. როდესაც კატა მოკრუტუნე ფუმფულა ბეწვის გორგლად იქცევა, ჩვენც ვმშვიდდებით და ვწყნარდებით. შეიძლება ჩვენ ყოველთვის ვერ გავიგონოთ კრუტუნის ხმა, დაბალი და ყრუ ვიბრაცია, მაგრამ მას ვგრძნობთ. მაინც რატომ კრუტუნებენ კატები? და საიდან წარმოიქმნება ეს ხმა?

ვეტერინარ ბრიუს ფოგლის აზრით (Bruce Fogle, ავტორი წიგნისა  „კატის ფსიქიკა“) კრუტუნის თავდაპირველი ფუნქცია იყო კნუტების დედასთან კომუნიკაცია, რათა მათ შესძლებოდათ ეთქვათ „ყველაფერი წესრიგშია“.  კნუტი დაბადებიდან მეორე დღეს კრუტუნებს და რადგან კნუტს არ შეუძლია რძის წოვის დროს იკნავლოს, იგი კრუტუნით წოვს. ამ დროს დედაც კრუტუნებს,  სავარაუდოდ კნუტის გამხნევებისა და დაწყნარებისათვის.

არსებობს მრავალი თეორია, თუ როგორ წარმოიქმნება კრუტუნი, კვლევებით დადგინდა, რომ პროცესში ჩართულია ხორხის ნერვები. ამ ნერვებში გამავალი სიგნალი იწვევს სახმო სიმების რხევას, ამავდროულად დიაფრაგმა მუშაობს როგორც დგუში, რომელიც ჰაერს ამოძრავებს სახმო სიმებში.  ეს წარმოქმნის მუსიკალურ ხმებს. ვეტერინარი ნილს პედერსონი (Neils C. Pederson, ავტორი წიგნისა „კატის მომშენებლობა“) ამტკიცებს, რომ კრუტუნი იმართება ცენტრალური ნერვული სისტემით და არის ნებაყოფლობითი, ანუ კატა მაშინ კრუტუნებს, როცა უნდა.

კრუტუნი არის კატისებრების კომუნიკაციის სისტემის ნაწილი და სხვადასხვა მიზეზი აქვს. ის კლასიფიცირდება როგორც „ჩურჩულის ხმა“ ეს კატეგორია მოიცავს ხმებს, რომელიც კატის პირის გაუღებლად ისმის. კრუტუნის გარდა ამ ხმებში შედის ძახილის და შეხვედრის დროს გამოყენებული ხმები.  შინაურ კატას, ასევე ვეფხვს, პუმას, ფოცხვერს და კატისებრთა უმეტეს ნაწილს მცირე გამონაკლისის გარდა შეუძლია კრუტუნი.

როგორც კი კატა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, კრუტუნის მიზეზი იცვლება. ზოგი კატა კმაყოფილების, სიამოვნების ნიშნად კრუტუნებს, მაგრამ შეშინებული ან მძიმედ ავადმყოფი კატებიც კრუტუნებენ. ასევე კრუტუნებს დედალი კატა მშობიარობის დროს. ხშირად აგონიაში მყოფი კატებიც კრუტუნებენ, ეს უკანასკნელი კრუტუნი სავარაუდოდ გამოწვეულია აგონიის დროს ეიფორიით ან შიშით, რომელიც მომაკვდავ ადამიანებშიც აღინიშნება.

ცხოველთა ქცევის სპეციალისტები ამბობენ, რომ როცა კატა სტრესის დროს კრუტუნებს, თავს იმხნევებს, ან ცდილობს თავი კომფორტულად იგრძნოს, როგორც ადამიანები, რომლებიც ნერვიულობის დროს თავისთვის მღერიან ან ღიღინებენ. შეშინებულმა კატამ შეიძლება იკრუტუნოს, რითაც ეცდება თავისი არააგრესიული და მშვიდობიანი განწყობა გამოამჟღავნოს. გარეულმა კატამ შეიძლება იკრუტუნოს, რითაც სხვა კატებს მიანიშნებს, რომ არ აპირებს თავდასხმას და მათ შეუძლიათ არ ინერვიულონ.  ზრდასრული კატები კრუტუნებენ, როცა ისინი ეთამაშებიან ან უბრალოდ ესალმებიან სხვა კატებს, იმის ნიშნად, რომ მეგობრულად არიან განწყობილი და დაახლოება სურთ.

შედარებით ახალი თეორია კრუტუნის შესახებ მის ბუნებას ხსნის იმით, რომ კრუტუნის დროს ტვინში გამომუშავდება ბუნებრივი მორფინის მსგავსი ნივთიერება (ენდორფინი). რადგან ენდორფინი სტრესის და სიამოვნების დროსაც გამოიყოფა, ეს ხსნის კრუტუნის ორმაგ გამოვლინებას და ეთანხმება პედერსონის ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც კრუტუნი ტვინიდან კონტროლდება.   ეს თეორია ასევე თავსებადია კრუტუნის მექანიკურ ახსნასთან, ენდორფინები ააქტიურებენ ტვინის რამდენიმე სისტემას, და ეს დიაფრაგმის მოძრაობაში გამოიხატება. ზოგადად კრუტუნი გამოხატავს კატის კმაყოფილებას და დადებითად მოქმედებს ცხოველზე სტრესის ან  ტკივილის დროს.  ეს ის თვისებაა, რაც გვაოცებს კატებში და სიმპატიით განგვაწყობს.

ჩემი ცხოველები

,,Animal Planet” იყო და დღემდე რჩება ჩემს საყვარელ არხად. როცა პირველად გავხდი მისი მაყურებელი, ყველაფერი მიკვირდა. ჩემს ქვეყანაში არავინ დარდობდა მაშინ უპატრონო ცხოველებზე. არც უპატრონო ადამიანებზე. საერთოდაც, მაშინ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობდა და მე უცებ ვნახე საოცარი სამყარო, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სახლში აკითხავენ სხვა ადამიანებს და აჯარიმებენ, ან სულაც ართმევენ ცხოველს იმის გამო, რომ კარგად ვერ უვლის! კი არ გადაუგდია, უბრალოდ ვერ უვლის. და რას ნიშავს კარგად მოვლა?! ან რატო აკეთებენ ამას, სხვა პრობლემები არ აქვთ?! მოკლედ, ძალიან მიკვირდა. მერე შემშურდა იმ ქვეყნების და იმ ცხოველების და თანდათან მივედი იმ დასკვნამდე, რომ აქ საოცარი არაფერი იყო, ეს არის უბრალოდ აუცილებლობა, იზრუნო ცხოველებზე!

ამაზე ყოველთვის იტყვის ვიღაცა, უპატრონო ბავშვები არსებობენ და რა დროს ცხოველებზე ლაპარაკიაო. ზუსტადაც, დროა! გასაგებია, რომ ბავშვებიც პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ცხოველების პრობლემა არ არსებობს.

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ უპარტოაღნო ძლების სერიოზული საშიშროებაა ადამიანებისთვის და ა.შ. მთავარი პრობლემა აქ მაინც ადამიანთა დამოკიდებულებაა, გავრცელებული სტერეოტიპები, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების სახეს ავლენს. მაგალითად, ძაღლი რომ სალანძღავი სიტყვის მნიშვნელობით გამოიყენება, კატა რომ ეშმაკისეულ ცხოველად ითვლება.

ადამიანები აიყვენან ცხოველს და არ ფიქრობენ, რომ იმას მოვლა და გაზრდა უნდა და ათასი რამე კიდე, რომ ცხოველი თვითონ რადგან ვერაფერს ამბობს და გაგებინებს, ვერც მეზობელს დაუძახებს დასახმარებლად, არ უნდა დაჩაგრო და არ უნდა დაამშიო. როდესაც ცხოველს აიყვან და მერე გადააგდებ, ამაზე დიდი უპასუხისმგებლობაა არ არსებობს.თუ არ შეეძლოთ გაზრდა, ან რატომ მიიყავნეს სახლში საერთოდ. ან რა გონიათ, თავისით გაიზრდება და რადგან ცხოველია, მოვლა არ უნდა?!

მე ჩემი ძაღლი ფაფებით მყავს გაზრდილი და მეამაყება, სულაც არ ვთვლი, რომ ამით ვაადამიანურებ ან რამე მსგავსი, რასაც ხშირად მეუბნებიან. მე არასოდეს ჩავაცმევ ჩემს ძაღლს შარვალს და ბოტასებს, არ მიყვარს ცხოველებლის წამება. თუმცა, არც არასოდეს ვაჩხუბებ სხვა ძაღლთა (ბოქსიორია და უნდა იჩხუბოს, აბა რა!). უბრალოდ ჭირდებოდა ჩემს ძაღლს ეს ფაფები და გადაყოლა, პატარა იყო ძალიან და ვერ გაიზრდებოდა სხვანაირად, რა უნდა გვექნა აბა?! ჩემი ძაღლი არავის კბენს და ესეც მეამაყება, სულაც არ მინდა მყავდეს მონსტრი ეზოში.
მე მყავს კატა, რომელიც არ ვიცი, დაიჭერს თუ არა თაგვს ოდესმე და არც მაინტერესებს. ან რა შუაშია თაგვი?! ამელი უბრალოდ გენიალური არსებაა.

ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ნამდვილად არის ის, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ცხოველებს, ხოდა სანამ ამ მხრივ არ განვვითარდებით, ნამდვილად არაფერი გვეშველება.

ბარემ ჩემს ოცნებასაც გაგიმხელთ: მინდა მქონდეს ცხოველთა თავშესაფარი, ბეეევრი, ბევრი ძაღლი და კატა, სადაც იდეალური პირობები იქნება მათთვის. და კიდე მყავდეს slow lories, მერე რა, რომ ვიცი, მისი შინაურ პირობებში ყოლა არ შეიძლება, მაინც ოცნებაა და ვინ მიშლის.