უჩინარი ადამიანები

რამოდენიმე კვირის წინ, “ქალაქი ამბობს” ვიდეო ჩავწერე, სადაც თბილისის ურბანულ პრობლემებზე უნდა მელაპარაკა, თემა საკმაოდ ვრცელია და ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა, უფრო ზედაპირულად ვთქვი ჩემი სათქმელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თემაზე პოსტის დაწერა და იმ საკითხზე ყურადღების გამახვილება რაც ამდენი ხნის განმავლობაში პოლიტიკური დაპირებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ჩვენს გვერდით კორპუსში, ეზოში თუ უბანში ცხოვრობს ადამიანები, რომლებსაც იშვიათად ვხვდებით. ჩვენ გვიყალიბდება სტერეოტიპები. დამოკიდებულებაც არ გვაქვს კარგი, კორექტული და სწორი როცა მათ ვხედავთ, პრინციპში გასაგებიცაა, ისინი არ ჩანან და რასაც იშვიათად ვხედავთ არ ვიცნობთ. კი გაგვიგია, რომ კარგად უნდა მოვექცეთ, თან ხო ტოლერანტულები ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ ხოლმე ადეკვატურობას.

Continue reading

Advertisements

უნარ და უფლება შეზღუდულები

გეძღვნება შენ

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. თუ გინდათ ინვალიდი. არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ იმუნიტეტი მაქვს უკვე-აღარ ვრეაგირებ.

მოკლედ, მე შესაძლებლობები მაქვს შეზღუდული-გარდა იმისა, რომ საკუთარი ფეხით ვერ დავდივარ, განათლების უფლებაც მეზღუდება, გართობისაც, ქუჩაში გადაადგილებისაც.

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. სკოლის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. შესაძლებლობები შემეზღუდა და სახლში დავჯექი. ახლაც ძალიან ცოტა ადამიანი დადის ეტლით სასწავლებელში (ალბათ), 6 წლის უკან ეგეთების ჩამოთვლას ცალი ხელის თითები ეყოფოდა. ასე რომ, მე განათლების მიღების უფლება შეზღუდული პიროვნებაც ვარ.

თავიდან რამდენიმე წელი სახლში ვიჯექი. მერე დავიწყე გარეთ გამოსვლა. ახლა როცა სადმე წასვლა მინდა სამმაგი მეხარჯება, ვიდრე თქვენ. მე ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ დავდივარ, ეგ კი არა და ზოგჯერ ტაქსისტებიც შიშით მიყურებენ და არ მიჩერებენ. მე საზოგადოებრივ ტრანსპორტ შეზღუდული ვარ.

ქუჩაში ისე მიყურებენ, თითქოს საშიში ვიყო. ან უცხო. ახლა შევეჩვიე, თავიდან გარეთ გასვლა მეზიზღებოდა. ადამიანებს ვეცოდები. მე კი არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. მე ადამიანური ურთიერთობები მაქვს შეზღუდული. და, რაღა თქმა უნდა, რომ სიყვარულის უფლებაც-ეტლი აქაც ძალიან დიდი ბარიერია.

მე დასვენების უფლება მაქვს შეზღუდული. ზღვაზე ძალიან ჭირს სახლის პოვნა. ბინა, რა თქმა უნდა იყოს, დაბალ სართულზე უნდა იყოს, ეტლით რომ შევიდე. სპეციალური ასასვლელები ქობულეთში კი არა თბილისშიც არ არის. არც დიასახლისებს უნდათ მდგმური, რომლის დანახვაც დამსვენებლებს განწყობას გაუფუჭებს (მათივე ფრაზა).

საბედნიეროდ, თუ იპოვი ბინას კარგი ადამიანებით, საღამოობით კაფეში მაინც წააწყდები გაოცებულ მზერას, როცა ცეკვა გადაწყვეტ. არავის წარმოუდგენია, თუ შეიძლება მხიარული და ბედნიერი იყო მაშინაც, როცა ეტლში ზიხარ. ასე რომ, მე გართობის უფლებაც შეზღუდული მაქვს.

მე ჩემს მთავრობას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს მარტო მაშინ ვახსენდები, როცა რაიმე დღესასწაული მოდის და ეს ძალიან გავს მოწყალებას. ზოგჯერ დაცინვასაც.

როცა ცუდად ვარ, გარეთ გასვლა და ნორმალური ცხოვრება მინდა, უკრაინა მახსენდება, სადაც რეაბილიტაციის კურსებს გავდივარ ხოლმე. იქ არ მაქვს შესაძლებლობები შეზღუდული და ვგრძნობ რამხელა სიამოვნებაა, თუნდაც ელემანტარულად მაღაზიებში დამოუკიდებლად გავლა.

როცა უკრაინის გახსენებაც არ მშველის, ის მახსენდება, რომ მე შესაძლებლობები დროებით მაქვს შეზღუდული და ოდესმე (კი არა და მალე!) აუცილებლად გავივლი, მაგრამ ვინც იცის, რომ ვერ გაივლის?! ან ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, ან რაიმე სხვა?!

მე არ მინდა სიბრალული. მე არ მინდა ადგილის დათმობა ბანკის რიგში, ან სადმე სხვაგან. მე დამოუკიდებლად ცხოვრება მინდა. მე მყოფნის ის, რისი შესაძლებლობაც ისედაც შეზღუდული მაქვს. დამიბრუნეთ განათლების, გართობის, გადაადგილების, მუშაობის, ადამიანური ურთიერთობის უფლებები!

ჩვენ გვინდა სიცოცხლის შესაძლებლობაც არ შეგვეზღუდოს!