გალერეა

დები

This gallery contains 7 photos.

რუსთაველის თეატრში შილერის ,,მარიამ სტიუარტის” განახლებული ვერსია ვნახე, რომელიც  პირველად 15 წლის წინ დაიდგა, განახლებული ვერსიის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. ეს სპეკტაკლი, ნაწარმოები, არის ისტორია ორი დედოფლის ბრძოლისა, რომელიც ტრაგიზმითაა სავსე და საბოლოო გამაჯვებული არ ყავს. ნაწარმოების მთავარი გმირი, მარიამ სტიუარტი  შოტლანდიის დედოფალი … Continue reading

ექსპერიმენტული შეხება (18 +)

რეალურ ამბებზე აგებული, საკმაოდ არასტანდარტული, უჩვეულო და თამამი წარმოდგენა. ასე მოგვიპატიჟეს მაყურებლები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. სპექტაკლი 18 + არის და შესაბამისად ინტრიგა თავიდანვე დიდია. ამ ყველაფრის სანახავად კი მხოლოდ ორი დღე დაგრჩათ.

სპეკტაკლი ორჯერ ვნახე, მეორედ უფრო მომეწონა, ცოტა შეცვლილი იყო და უფრო კარგად დავინახე დეტალები. პუბლიკაც საინტერესო შეკრებილიყო. ვგულისხმობ ახალგაზრდებს, რომლებიც პრემიერაზე ნაკლებად იყვნენ. მოკლედ, ერთ-ერთი სცენის დროს ატყდა დიდი ხმაური და უადგილო ხუმრობები, ამით ცდილობდენენ საკუთარი დაბნეულობის დაფარვას. არადა იცოდნენ, რომ სპექტაკლი ექსპერიმენტული იყო და თან 18 +, მეგონა მსგავს კომენტარებს ვერ გავიგებდი, თან ჩემი თაობის ადამიანებისგან, ვწუხვარ.

აი ეს კი პატარა ვიდეო სპეკტაკლის შესახებ: 

პ.ს. ლიტერატორისა და ფორთოხლის გოგონას პოსტები, გაეცანით.

გალერეა

ყვითელი მთვარე

This gallery contains 3 photos.

თეატრში ხშირად არ დავდიოდი, ვფიქრობდი, რომ ქართული თეატრი მოძველდა და მხოლოდ ძველი დიდებით ამაყობდა, როგორც უმეტესი სფერო საქართველოში. თუმცა ერთხელ მოხვედრის შემდეგ რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე მივხვდი ჩემ შეცდომას, თურმე საქართველოშიც შეიძლება  ნახო თანამედროვე და კარგი სპექტაკლები. ამჯერად ცოტა ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ … Continue reading

ჩემი პოეტები

მეგონა, რომ ამ თემაზე ყველაზე უკეთესად დავწერდი, მაგრამ ახლა ვზივარ და არ ვიცი, საიდან დავიწყო…

მაშ ასე. პოსტი ეხება მხოლოდ ქართველ, თანამედროვე და ,,ჩემს” პოეტებს.

ბევრი ლექსი მომწონს. ზოგიერთი ავტორის მხოლოდ ერთი ვიცი, ან ბევრი წამიკითხავს, მაგრამ მხოლოდ ერთი მომწონს. ზოგიერთი აკვიატებული ლექსის ავტორიც არ ვიცი. ყველას, რა თქმა უნდა, ვერც ჩამოვთვლი და ვერც გავხსნებ, ამიტომაც, მხოლოდ რამდენიმე და გამორჩეულად ,,ჩემი” პოეტი.

არ ვიცი, რა უნდა ქონდეს ლექსს, რომ მომეწონოს. ვერლიბრიც მომწონებია, კონვენციურიც. არ მიყვარს ასე დაყოფა.არ მახსენდება,მომწონებოდა უაზრო ლექსი.  კიდევ, არ მიყვარს სენტიმენტები. არ მიყვარს იმ თემებით ცუდად მანიპულირება, რაც ხალხს აღელვებს. მაგალითად, სამშობლოზე ისე წერა, რომ ათასჯერ ახსენო ლექსში საქართველო, ან აფხაზეთი და სამაჩაბლო.  თუ ამ თემაზე ჩემს საყვარელ ლექსს მკითხავს ვინმე, უცებ რეზო გეთიაშვილის ,,გოქსუ” მახსენდება, სანდრო ლორთქიფანიძის ,,საა” , გიო საჯაიას ,,განწირული თაობა” და ზვიად რატიანის ,,ნეგატივი. ოცი წლის შემდეგ”.

მიყვარს ლექსი, რომლის განწყობა დიდხანს დამყვება თან. სწორედ ამ ( და არა მარტო) ნიშნით, ძალიან მომწონს ჯერ კიდევ ბავშვის, მარიამ ბაჯლიძის და ეკა ქევანიშვილის პოეზია. აკვიატებული ფრაზებით:

,,ჩემი
მეგობარი ნაგავსაყრელია.
ერთი დიდი აყროლებული უფსკრული.
მეც მისთვის ხრამი ვარ პირღია,
ფეთქებადი.”

,,როგორ გადარჩა
ხუთასი და მოკვდა სამასი.
დარჩა სამასი და მოკვდა ასი.
მოკვდა ერთი.
ერთი ხომ მოკვდა!
თითქოს ცოტაა.”

,,ჰოდა, ახლა გეკითხები:
-რამდენჯერ უნდა გაკოცო, რომ მოგირჩე, დე?
პასუხი არ გაქვს.
ისევ მარტო ვრჩებით  ჩემს ოთახში- მე
და კედელზე ჩამოკიდებული დამტვერილი ქრისტე”

,,ყველაფერს შევძლებ…
ოღონდაც მყავდე,
ოღონდაც მყავდე,
ოღონდაც..
ამინ! ”

შემოდგომამშვიდობისა. ჰო. რატიანი. ამ ადამიანის პოეზია არის გენიალური!! და ამას ყველაგან, ყოველთვის თამამად ვიტყვი!

პირველად ,,მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა შემიყვარდა. თუმცა მანამდე, კარგა ხნით ადრე, მქონდა ამოჩემებული ერთი ფრაზა: რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავლოთდით, ვერ გავმდიდრდით, ვერც დავიხოცეთ?!” მერე რა, რომ ლექსებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ. ყველა მისი ლექსი, რომელიც მე წამიკითხავს, არის შედევრი.  საერთოდაც, აწი ერთი ხაზიც რომ არ დაწეროს, ესეც ეყოფა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს,დაწერს.

და ბოლოს, პოეტი, რომლითაც ალბათ უნდა დამეწყო წერა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ,,ჩემი” პოეტი. ყველამ იცის, ჩემი მისი პოეზიისადმი დამოკიდებულება, თუკი ოდესმე ვინმესთან ამ თემაზე გაკვრით მაინც მისაუბრია. გიო საჯაია. ავტორი, რომლის წიგნსაც იმ დღესვე ვიყიდი, როდესაც დაიბეჭდება და გაყიდვაში გამოვა. ვიყიდი და სულ ჩანთით ვატარებ, მხოლოდ იმიტომ თუ ამოვიღებ, რომ ღამით საწოლთან დავიდო. რომ შემეძლოს, მთელს ტირაჟსაც ვიყიდდი და მხოლოდ იმათ დავურიგებდი, ვისაც მე მომინდებოდა. ეეხ, არადა, წიგნი ჯერ სადაა… :/

მისი ,,დუმილის პოეზია” პირველად ,,ლიტრატურულ პალიტრაში” წავიკითხე. მერე ლიტ.ჯე-ზე ვკითხულობდი ყოველ დღე. ახლა, როცა ერთი ლექსი უნდა ავარჩიო და დავდო, არ ვიცი, რომელი. თითქმის ყველა ლექსიდან მახსოვს მონაკვეთები: ,,ვერა, ვერ ამოხვალ შენ ჩვენი ვალიდან ღმერთო, და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში”. ,,ყოფნას და არყოფნას სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით”.  ,,არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის, წლებთან ალაბედზე ვაგორებ კამათელს”.  ,,რა მოგიყვე?! ქუჩაა, მოსაშვილის, უშენობას, არც მეტი, არც ნაკლები, მივუყვები…” ,,ყველაზე მარტივი მოტივი მარტია”. ,,და არაფერი აღარ რჩება შეგრძნების გარდა, რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა”.

მომწონს არამარტო პოეზია, არამედ ავტორის დამოკიდებულებაც მის მიმართ. თავიდან ეგოისტურად მიყვარდა მისი პოეზია და მინდოდა, მარტო მე მცოდნოდა. მერე დავასკვენი, რომ ჩემი ,,წილი” მარტო ჩემი იყო და ვერც ვერავინ გაიგებდა ისე, როგორც მე. ხოდა, გამიარა ეგოიზმმა. ასე რომ, იკითხეთ და შეიყვარეთ ეს ავტორი.

სულ ეს იყო.  დანარჩენი წაიკითხეთ, თორემ პოეზიაზე ისე წერა რომ შემეძლოს, როგორც საჭიროა, პოეტი ვიქნებოდი მეც. და ბოლოს, ისევ საჯაია.
ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს –
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო… მოხვიდოდი…

ჩემი სუბიექტური პოეზია

მე მიყვარს პოეზია. ვკითხულობ ქართველ, თანამედროვე ავტორებს და მომწონს. რა თქმა უნდა, ყველა არა და რა თქმა  უნდა, ერთნაირად არა. ვკითხულობ, ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ პროფესიონალობამდე შორს ვარ, არც ტექნიკური მხარეები მესმის ლექსის და არც ბევრი სხვა რამე, მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პრეტეენზია იმაზე, რომ ის პოეზია, რომელიც მე მომწონს არის კარგი და გაუძლებს დროსაც, კრიტიკასაც, უამრავ ვაი-პოეტსაც.

როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, ადრე მომღერლობა იყო მოდაში, ახლა-პოეტობაა. წერს ყველა, ვისაც არ ეზარება (წეროს ბატონო), თანაც პრეტენზია აქვს, რომ ყველაზე უკეთ წერს. თუ ლექსი დაუწუნე, გეტყვის, რომ გრძნობით დაწერა და შენ უბრალოდ ვერ გაუგე. გრძნობა კარგია, მაგრამ ვინც რამდენჯერ რამეს იგრნობს, ლექსი თუ დაწერა და თავი უკვე შემდგარ, დამუშავებულ პოეტად წარმოიდგინა, ცუდად იქნება საქმე. თუ მარტო იგრძენი და დანარჩენის აზრზე არ ხარ (ჩემი არ იყოს), როგორ უნდა გამართო ლექსი ტექნიკურად, შინაარსობრივად და ა.შ, შეიძლება, რომ ქვეყანას არ მოსდო და წერო და იკითხო შენთვის. კარგი, ჯანდაბას, იმასაც წააკითხე, ვისაც ეძღვნება და გაუხარდება, მაგრამ სხვებს რას ერჩი?!

ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, კარგი ლექსი მარტო არ უნდა ბურძგლავდეს ადამიანს. რაღაცა უნდა ქონდეს ისეთი, რაც სხვებისგან გამოარჩევს: სათქმელი, ფორმა… ბალახს და ტალახს მეც ვრითმა ბატონო და სიყვარულზე კიდე ყველა წერს ამ ,,ბალახი-ტალახი” რითმით.

კიდეც ერთს დავაკვირდი: რაც უფრო ომახიანად კითხულობს ავტორი ლექსებს, მით უფრო იჩრდილება შინაარსი და ყველა აღფრთოვანებული რჩება.

როდესაც პოეზიაზე ვლაპარაკობ და ვამბობ, რომ არ მომწონს რომელიმე, ბოლო დროს გაპოპულარულებული ავტორი, მაშინვე მისი დამცველები მეკითხებიან, ვწერ თუ არა თავად. როდესაც ვამბობ, რომ არა, ირონიულად მპახუხობენ, მაშინ გასაგებიაო. ნეტავ  რა არის გასაგები?! სწორედ იმიტომ არ ვწერ, რომ ვკითხულობ და ვხვდები, რომ ის, რისი თქმაც მე მინდოდა, ან რისი თქმაც აზრადაც არ მომივიდოდა, ჩემზე ასჯერ უკეთესად გამოუვიდათ სხვებს. ხოდა აღარ ვწერ მერე. თანაც საკუთარი თავის მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეფასების უნარი ადრევე ჩამომიყალიბდა. მივხვდი, რომ არ გამომდის წერა, თორე 8 წლის ასაკში მეც ვგიჟდებოდი ფურცელზე და კალამზე, თან აუცილებლად მჯეროდა, რომ ყველა პოეტი გიჟი იყო. გავიზარდე მერე, შემეცვლა შეხედულებები. მგონი ყველა ვერ გაიზარდა.

მე მსიამოვნებს, როდესაც პოეტი მუშაობს ლექსზე და ეს შედეგს ეტყობა. არ ვემხრობი, მუზა რომ შემოგაფრინდება და დაწერ, მერე ხელი არ უნდა მოკიდო და არ უნდა გადააკეთოო, რომ ამბობენ. როდესაც ავტორი აქვეყნებს მხოლოდ დამუშავებულ ლექსებს, ვხვდები, რომ მკითხვლი ადარდებს. ალბათ ყველას დაუწერია ისეთი რამე, რაც თვითონაც იცის, რომ კარგი არაა (სხვა ლექსებთან შედარებით თუნდაც) და არ გამოუქვეყნებია. მე მიყვარს, როდესაც იმედს არ მიცრუებენ.

ამ პოსტს არასოდეს დავწერდი, რომ არა ერთი რამ: ამ ბოლო დროს, ჩემს საყვარელ პოეტებს მოიხსენიებენ ისეთების გვერდით, რომ ძალიან ვღელავ. მაგალითად:  ,,მომწონს თემურ ელიავა და საჯაიააააა”. კარგით რა ხალხო, კარგით რა! ელიავა და საჯაია ერთად?! ის მაინც თქვით, რომ საჯაიას ერთი ლექსი გაქვთ წაკითხული და მეტი არა, ან რამე, თორე ეს ორი ავტორი ერთად როგორ უნდა იყოს ვინმეს საყვარელი პოეტი, არ მესმის და ვერ გავიგებ ვერასდროს. კიდევ კარგი, რატიანი და ელიავა ერთად ჯერ არ გამიგონია თუ მოსწონს ვინმეს.

მე მომხრე ვარ, რომ ვისაც გაუხარდება წეროს და ხალხმა თუ არა, დრომ მაინც გადაარჩიოს მერე.  პირიქით, მირჩევნია ეგ ,,პაპსა” პოეტები უყვარდეს ბევრს და ,,ჩემს” ავტორებს ცოტა იცნობდეს. თან, ვინც იცნობდეს, შეფასებაც შეეძლოს ნორმალური, თორემ სასტიკად ეჭვიანი ვარ ამ საკითხში, ვერ ვინაწილებ ჩემს საყვარელ პოეტებს ყველასთან.

მერე, ოდესმე, რომ გავთამამდები, ცალკე დავწერ ,,ჩემს” პოეტებზე.

პიქსარის სამყარო

შარშან ერთ-ერთ საგანში დარგის ანალიზი უნდა გამეკეთებინა ჩემს მეგობრებთან ერთად. სწორედ მაგ პერიოდში ჩავუღრმავდი და ახლოს ,,გავიცანი” ანიმაციური სტუდია ,,პიქსარი”, თუმცა მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია კარგა ხნით ადრეც მქონდა ნანახი.

”პიქსარის” ისტორია 1979 წელს იწყება და ჯორჯ ლუკასს უკავშირდება. ამჟამინდელი სახელი კი სტივ ჯობსმა დაარქვა მისი შეძენის (10 მილიონი დოლარად) შემდეგ 1986 წელს. ამ პერიოდში ჯობსს პრობლემები ჰქონდა. რაღაც დოზით ”პიქსარის” და იქ მყოფი გენიოსების (ჯონ ლასეტერი, ენდრიუ სტანტონი და ა.შ) დამსახურებაცაა მისი კარიერის შემდგომი წინსვლა.

”პიქსარი” თავისი მთავარი კონკურენტისგან (Dream Works) განსხვავებით შედარებით ნაკლები ფილმები აქვს შექმნილი, თუმცა ჩემთვის და არა მარტო (ოსკარებიც ადასტურებს) ”პიქსარის” ნამუშევრები ბევრად მაღლა დგას კონკურენტებთან შედარებით. ალბათ შრეკია გამონაკლისი, რომელმაც ნამდვილად დაჯაბნა 2001 წელს მონსტრების კორპორაცია და ზოგადად ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

”Dream Works” ნამუშევრებიც არ არის ცუდი, პირიქით, ”მადაგასკარი” , ”როგორ გავრწვრთნათ დრაკონი” და ა.შ. ძალიან კარგი ფილმებია.

უბრალოდ ჩემთვის ”ვოლი”, ”Up”, ”სათამაშოების ისტორია” და საერთოდ თერთმეტივე სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გენიალური და განუმეორებელია. მსგავსი შედევრების შექმანას ყოველთვის დიდი დრო მიაქვს ხოლმე, მაგრამ შედეგი ნამდვილად იმდენად შთამბეჭდავია, რომ ღირს ლოდინი.

”პიქსარის” შესახებ ბევრია სასაუბრო და კიდევ აუცილებლად დავწერ. მანამდე კი ვინც არ იცის, გადახედოს ფილმოგრაფიას და გაეცნოს, ნამდვილად არ ინანებთ.

”პიქსარის” მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Pixarის ფილმოგრაფია

  1. ”Toy Story 1” – 1995 წელი. არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი და მისმა შემქმნელმა ჯონ ლასეტერმა მიიღო ოსკარი ანიმაციის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. აქვს 19 სხვა საერთაშორისო ჯილდო;
  2. ”A Bug’s Life” – 1998 წელი. მოხსნა მანამდე არსებული ყველა რეკორდი და იყო პირველი ფილმი, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო, არგენტინის, ტალანდის და ავსტრალიის ჩათვლით. მიღებული აქვს 10 სხვა და სხვა საერთაშორისო ჯილდო. შემოსავალი – 362 მილიონი დოლარი;
  3. “Toy Story 2” – 1999 წელი. ეს იყო მთლიანად ციფრულად გაკეთებული ფილმი და ღირსეული გაგრძელება წინა ”Toy Story”-ის. აღებული აქვს 18 სხვა და სხვა ჯილდო და 485 მილიონი დოლარი შემოსავალი;
  4. ”Monsters, INC.” – 2001 წელი. გამოჩენიდან 9 დღეში 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ყველა დროის რეკორდია. მიიღო ოსკარი საუკეთესო მუსიკისთვის და 11 საერთაშორისო ჯილდო;
  5. ”Finding Nemo” – 2003 წელი. ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა. მიიღო 1 ოსკარი და 34 საერთაშორისო ჯილდო;
  6. ”The Incredibles” – 2004 წელი. მიიღო 2 ოსკარი, საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის და წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, ასევე 39 საერთაშორისო ჯილდო;
  7. ”Cars” – 2006 წელი. მიიღო 17 საერთაშორისო ჯილდო;
  8. ”Ratatouille” – 2007 წელი. აიღო ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის და 43 სხვა და სხვა საერთაშორისო ჯილდო. 623 მილიონი დოლარი შემოსავალი.
  9. ”Wall.E” – 2008 წელი. მიიღო ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის და 45 საერთაშორისო ჯილდო;
  10. ”Up” – 2009 წელი. დღემდე ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმი. აქვს 2 ოსკარი, წლის საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო მუსიკისთვის, ასევე 40 სხვა ჯილდო. 731 მილიონი დოლარის შემოსავალი;
  11. ”Toy Story 3” – 2010 წელი. ბოლო ნამუშევარი. მან გამოსვლიდან ერთ კვირაში მოუტანა კომპანიას 110 მილიონი დოლარის შემოსავალი და მოიგო 2 ოსკარი.
”პიქსარის” მომდევნო სრულმეტრაჟიანი ანიმაცია იქნება “Cars 2”.

    WALL·E

ჭამა და უზრდელობა

”ჭამა და სექსი” სულ რამოდენიმე დღეა რაც თბილისის კინოთეატრებში გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოყვა საუბრები, რეცენზია და ა.შ. ეგ კი არა ფილმის გამოსვლამდეც კი იყო შეფასებები და ”სურვილები” ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის მისამართით.

მე, როგორც ერთ-ერთი რიგით ქართველი, რომელიც განებივრებულია ქართული ”შედევრებით”, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ფილმის მიმართაც. (მსგავს წინადადებას თითქმის ყველა რეცენზიაში და კომენტარში ნახავთ) შეიძლება სწორედ მსგავსმა მოლოდინმაც განაპირობა ფილმის მოწონება. თუმცა ეს მოწონება არც იქნებოდა ბილეთი რომ არ მომეგო, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნე, კარგი მოლოდინი ნამდვილად არ მქონია და შესაბამისად არც ბილეთს ვიყიდდი.

ფილმის მიმოხილვას არ დავიწყებ, ეს უკვე ბევრმა გააკეთა და ძალიან კარგადაც. მე უბრალოდ ჩემს ემოციებს გეტყვით, რაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ დამეუფლა.

ფილმი მხოლოდ ქართველებისთვისაა.იქ შექმნილი სიტუაციები თუ დიალოგები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევს ემოციას, ხოლო რა ემოციას ეგ ძალიან მაინტერესებს. მე მაგალითად თავიდან ვიცინე და შემდეგ უკვე ცოტა შეცოდების გრძნობაც გამიჩნდა იმ საზოგადოების, სადაც მსგავსი სიმახინჯეები ხდება, რაც ფილმშია აღწერილი. ყველაზე მეტად ბოლო ეპიზოდი მომეწონა და ვთვლი ძალიან ბევრ ავადმყოფურად შეპყრობილ, დაკომპლექსებულ ქმარს დააფიქრებს, ალბათ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ფილმი კარგია, მუსიკა მომეწონა, მსახიობების თამაშიც და სცენარიც. ცალკე ქება ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებმაც ფილმის რეკლამირებაზე იზრუნეს, რადგან მე როცა ვნახე, რუსთაველის დიდი დარბაზი სავსე იყო.

ფილმში არის რამოდენიმე რეკლამა, მაგალითად ახლა მახსენდება ჟურნალი ,,ტაბულას” გამოჩენა, რაც ისე კარგად იყო გაკეთებული, რომ არ იწვევდა გაღიზიანებას. რაც საკმაოდ იშვიათია, განსაკუთრებით ქართულ კინემატოგრაფიაში.

ძალიან საინტერესო იყო სალაროსთან ბილეთების ყიდვის დროს ”ჭამა და სექსის” ხსენებით გამოწვეული კრძალვა და მორიდება. ზოგი წინასწარ ბოდიშს იხდიდა, ზოგიც ჭამა და იმაზე მინდაო, ერთმა ძალიან დიდი ბოდიში გოგონა მსგავს სიტყვებს რომ გკადრებთო. იყო ნაცნობები, რომლებმაც ”ვერ მიცნეს”, მოკლედ ქართული სიტუაცია იყო კინოთეატრში, ბევრი სიცილი და არაადეკვატური გამოხტომებიც  საერთოდ არასასაცილო მომენტებში.

ასე რომ, ფილმის ერთხელ ნახვა ნამდვილად ღირს და გირჩევთ მიხვიდეთ კინოთეატრებში.