გამორჩეული ზოოპარკები

მე მიყვარს ცხოველები.  ზოოპარკში ძალიან იშვიათად დავდივარ. როცა მივდივარ, ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვდგები.  თბილისის ზოოპარკში ცხოველები ისე საცოდავად გამოიყურებიან, რომ მე პირადად ვერ ვერთობი მათი ცქერით. ვერც ატრაქციონებია მაინცდამაინც განსაკუთრებული, ბუნებაზე,  სუნზე და ა.შ არაფერს ვიტყვი.

მსოფლიოში არაერთი განსაკუთრებული ზოოპარკია. მათგან რამდენიმე ამოვარჩიე (სუბიექტურად), რომლის დაახლოებით მსგავსი მაინც მინდა, რომ იყოს ჩვენთან.

მაშ ასე:

გერმანია, ბერლინის ზოოპარკ

ზოოპარკი თავდაპირველად ჩამოაყალიბა პრუსიის მეფემ ფრედერიკ ვილჰემ მესამემ, 1844წელს. თუმცა მას შემდეგ რეკონსტრუქცია არაერთხელ განიცადა.

შედგება სამი ნაწილისაგან: ზოოპარკი, ცხოველთა დაცული ტერიტორია და აკვარიუმი. განლაგებულია 35 ჰექტარზე.

ამ ზოოპარკში ბინადრობს ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი, დაახლოებით 1500 განსხვავებული სახეობა. მათი საერთო რიცხვი 13 ათასზე მეტია.

2008 წელს ზოოპარკს ეწვია 3 მილიონზე მეტი ვიზიტორი.  აქ ასევე ბინადრობს ყველაზე დიდი და ხნიერი პანდა Bao Bao რომელიც დაიბადა 1978 წელს.

ბერლინის ზოოპარკში ბილეთის ფასი 13 ევროა, თუმცა მოქმედებს ფასდაკლებები სტუდენტებისა და ბავშვებისათვის.

სამხრეთ აფრიკა, პრეტონია. The National Zoological Gardens of South Africa

დაარსდა 1899 წელს. მობინადრე ცხოველთა უმეტესობა აქვეა დაბადებული. უკავია 85 ჰექტარი ტერიტორია.

ზოოპარკში არის 209 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, 202 სახეობის ფრინველი, 190 თევზი, 4 ჯიშის უხერხემლოები, 93 რეპტილია და 7 ამფიბია.

ასევე აქვს აკვარიუმი და რეპტილიების პარკი. მისი განსაკუთრებული ნიშანი არის ტურისტებისთვის კარვით დარჩენის შესაძლებლობა, რაც თავისთავად გულისხმობს საინტერესო თავგადასავლებს.

სინგაპურის ზოოპარკი

გაიხსნა 1973 წელს და მიუხედავად მისი მოკლე ისტორიისა, ნამდვილი საოცრებაა. გამორჩეულია თავისი შესანიშნავი ლანდშაფტით. ის ანვითარებს ღია პარკის კონცეფციას: ცხოველები არ არიან ტრადიციულ გალიებში, არამედ მათთვის შექმნილ, შესაფერის გარემოში. აქ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე დიდი დატყვევებული ორანგუტანგი.

ზოოპარკის მახასიათებელია გასართობი ატრაქციონები. შეგიძლიათ ისიამოვნოთ საუზმით ცხოველებთან ახლოს 🙂

ავსტრია, ვენა

ვენაში არის მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი, რომელიც დაარსდა 1752 წელს. აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და საკმაოდ კარგად შენახული ბაროკო სტილსი აშენებული შენობები, რომელსაც გაგახსენებთ მის წარსულს.

ზოოპარკი ამაყობს თავისი წვლილით სახეობათა შენარჩუნებაში. აღსანიშნავია, რომ ა1904 წელს აქ დაიბადა ტყვეობაში პირველი სპილო, ხოლო 2007ში აქვე გაჩნდა პირველი პანდა ბუნებრივი განაყოფიერებით.

ნიუ-იორკის ზოოპარკი

გაიხსნა 1899 წელს და არის უდიდესი ზოოპარკი ამერიკაში.  650 სახეობის 4 ათას ცხოველზე მეტი. მათ უდიდეს ნაწილს ბუნებაში გადაშენება ემუქრება.

ამ ყველაფრის შემდეგ რომ მახსენდება, რა პირობებში არიან ჩვენთან ცხოველები, როგორ გაიყვანეს მათ თავზე გზა და დღეს როგორ დაქრიან იქ მანქანები, გული მიკვდება. იმედია ოდესმე მაინც მოვხვდები ჩამოთვლილთაგან რომელიმე პარკში, მექნება შესაძლებლობა ვნახო არა მარტო გალიებში გამოკეტილი, არამედ თავისუფლად მოსიარულე, ამაყი ცხოველები. დაახლოებით ისეთები, როგორიც ისინი ბუნებრივ პირობებში არიან.

თუკი ცხოვრებაში ვინმესი შემშურებია, პირველ რიგში იმათი, ვისაც ჩამოთვლილ ადგილებში (და არა მარტო) მოხვედრის ხშირი ბედნიერება აქვთ.

ჩემი ცხოველები

,,Animal Planet” იყო და დღემდე რჩება ჩემს საყვარელ არხად. როცა პირველად გავხდი მისი მაყურებელი, ყველაფერი მიკვირდა. ჩემს ქვეყანაში არავინ დარდობდა მაშინ უპატრონო ცხოველებზე. არც უპატრონო ადამიანებზე. საერთოდაც, მაშინ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობდა და მე უცებ ვნახე საოცარი სამყარო, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სახლში აკითხავენ სხვა ადამიანებს და აჯარიმებენ, ან სულაც ართმევენ ცხოველს იმის გამო, რომ კარგად ვერ უვლის! კი არ გადაუგდია, უბრალოდ ვერ უვლის. და რას ნიშავს კარგად მოვლა?! ან რატო აკეთებენ ამას, სხვა პრობლემები არ აქვთ?! მოკლედ, ძალიან მიკვირდა. მერე შემშურდა იმ ქვეყნების და იმ ცხოველების და თანდათან მივედი იმ დასკვნამდე, რომ აქ საოცარი არაფერი იყო, ეს არის უბრალოდ აუცილებლობა, იზრუნო ცხოველებზე!

ამაზე ყოველთვის იტყვის ვიღაცა, უპატრონო ბავშვები არსებობენ და რა დროს ცხოველებზე ლაპარაკიაო. ზუსტადაც, დროა! გასაგებია, რომ ბავშვებიც პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ცხოველების პრობლემა არ არსებობს.

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ უპარტოაღნო ძლების სერიოზული საშიშროებაა ადამიანებისთვის და ა.შ. მთავარი პრობლემა აქ მაინც ადამიანთა დამოკიდებულებაა, გავრცელებული სტერეოტიპები, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების სახეს ავლენს. მაგალითად, ძაღლი რომ სალანძღავი სიტყვის მნიშვნელობით გამოიყენება, კატა რომ ეშმაკისეულ ცხოველად ითვლება.

ადამიანები აიყვენან ცხოველს და არ ფიქრობენ, რომ იმას მოვლა და გაზრდა უნდა და ათასი რამე კიდე, რომ ცხოველი თვითონ რადგან ვერაფერს ამბობს და გაგებინებს, ვერც მეზობელს დაუძახებს დასახმარებლად, არ უნდა დაჩაგრო და არ უნდა დაამშიო. როდესაც ცხოველს აიყვან და მერე გადააგდებ, ამაზე დიდი უპასუხისმგებლობაა არ არსებობს.თუ არ შეეძლოთ გაზრდა, ან რატომ მიიყავნეს სახლში საერთოდ. ან რა გონიათ, თავისით გაიზრდება და რადგან ცხოველია, მოვლა არ უნდა?!

მე ჩემი ძაღლი ფაფებით მყავს გაზრდილი და მეამაყება, სულაც არ ვთვლი, რომ ამით ვაადამიანურებ ან რამე მსგავსი, რასაც ხშირად მეუბნებიან. მე არასოდეს ჩავაცმევ ჩემს ძაღლს შარვალს და ბოტასებს, არ მიყვარს ცხოველებლის წამება. თუმცა, არც არასოდეს ვაჩხუბებ სხვა ძაღლთა (ბოქსიორია და უნდა იჩხუბოს, აბა რა!). უბრალოდ ჭირდებოდა ჩემს ძაღლს ეს ფაფები და გადაყოლა, პატარა იყო ძალიან და ვერ გაიზრდებოდა სხვანაირად, რა უნდა გვექნა აბა?! ჩემი ძაღლი არავის კბენს და ესეც მეამაყება, სულაც არ მინდა მყავდეს მონსტრი ეზოში.
მე მყავს კატა, რომელიც არ ვიცი, დაიჭერს თუ არა თაგვს ოდესმე და არც მაინტერესებს. ან რა შუაშია თაგვი?! ამელი უბრალოდ გენიალური არსებაა.

ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ნამდვილად არის ის, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ცხოველებს, ხოდა სანამ ამ მხრივ არ განვვითარდებით, ნამდვილად არაფერი გვეშველება.

ბარემ ჩემს ოცნებასაც გაგიმხელთ: მინდა მქონდეს ცხოველთა თავშესაფარი, ბეეევრი, ბევრი ძაღლი და კატა, სადაც იდეალური პირობები იქნება მათთვის. და კიდე მყავდეს slow lories, მერე რა, რომ ვიცი, მისი შინაურ პირობებში ყოლა არ შეიძლება, მაინც ოცნებაა და ვინ მიშლის.