ჩვენი გვარი,გენაცვალე

ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა ადამიანისგან ხშირად მესმის ახალი კანონის შესახებ, რომლის მიხედვითანც თურმე გვარები უნდა დაგვიმოკლონ, ანუ არსებულს ბოლო ნაწილი ჩამოშორდება.

საზოგადოება უტყუარ წყაროს მისახელებს “კაცო რას ლაპარაკობ ტელევიზორში თქვეს” , ან კიდევ “ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა მაგისი მეზობელი კანონებში მუშაობს”, ჰოდა მეც უძლური ვარ ასეთ დამაჯერებელ ფრაზებთან.

მართლა რომ შეკვეცონ თუ დაამოკლონ გვარები ქართველების საკმაოდ დიდი ნაწილი რა ფრიად საინტერესო მგდომარეობაში აღმოჩნდება 🙂  (როგორც გვარის მფლობელები ასევე ადამიანები რომლებიც იძულებულები არიან მათ მხოლოდ გვარით მიმართონ).

მოგეხსენებათ გადასარევი ერი ვართ და ყველა საოცრებასთან ერთად გვარების მრავალფეროვნებითაც გამოვირჩევით.   ნებისმიერ სიტყვას მივამატებთ – ძეს, იას, შვილს, იანს  და დიდი ისტორიის მქონე გვარიც გამოგვივა…(მე მაგ გვარის ქალს სახლში ვერ შემოვუშვებ) მაგრამ აი შეკვეცა აღარ შედიოდა ჩვენს კომპეტენციაში…

ზოგიერთი ქართული გვარი შეკვეცამდეც გადასარევია და შეკვეცის შემდეგ კიდევ უარესი გამოდის.

წარმოიდგინეთ რა  უხერხულად მოგმართავენ გვარის შეკვეცის შემდეგ თუ თქვენი  გვარია:  კუტუბიძე, სირაძე, ფანჩვიძე, კაჭკაჭიშვილი, კუტალაძე, ტაკიძე და მრავალი მსგავსი.

წარმოიდგინეთ მაიორი როგორ მიმართავს სერჟანს სირაძეს გვარის დამოკლების მერე.

ეგეც არაფერი, თუ ერთ კლასსში ერთდროულად სწავლობს: მგელაძე, მელაძე, მამლაძე, ქათამაძე, ლომაძე, ვეფხვაძე, ცხვარიაშვილი და ირემაძე მასწავლებელს 2 დღიანი გადამზადების კურსები დასჭირდება დასარწმუნებლად რომ ისევ მასწავლებელია და არა ზოოპარკის დირექტორი.

ან კიდევ წარმოიდგინეთ მკაცრი მამა რომელსაც შვილი უბრებს რომ არ ინერვიულოს ის თავის მეგობრებთან ერთად არ ის მეგობართა გვარები კიდევ კუტალია და კუტუბიძეა (შეკვეცის შემდეგ რასაკვირველია)

ისეთ ქვეყანაში სადაც ერთად ცხოვრობს : გვარგვალია რუნდუკი, გეთია ქორდიკო, ბოქოლავა ირმიზოლდი, პერტაია პაჭო და ბევრი ამათი, კიდევ გვარების დამოკლება მეტისმეტი იქნება.

სწორედ ამიტომ ბოლოს მაინც განგიმარტავთ ამ გაუგებრობას. “ბიძაშვილის კანონებში მომუშავე მეზობელს ” მაინც არ დავუჯერე რატომღაც და გადავამოწმე, აღმოჩნდა რომ  ცვლილებები საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შევიდა, რომლის თანახმადაც თუ პასპორტში შეუძლებელია სახელი და გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვები იქნება მათი შემოკლება. შემოკლება გულისხმობს ასოების ჩამოცილებას სახელისა და გვარის ბოლოში. შემოკლებული სახელის და გვარის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

Advertisements

Google + VS Facebook

გუგლმა ახალი სოციალური ქსელი Google + შექმნა. ინტერნეტის მომხმარებლების ნაწილში ახალი ქსელის მიმართ დიდი მოლოდინია და ფიქრობენ რომ ის შეძლებს Facebook-ის ”ჩაძირვას”. ქსელი ჯერ მხოლოდ Beta ვერსიაა და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. ქსელში მოწვევა უნდა გამოგიგზავნო უკვე იქ მყოფმა User-მა და აუცილებლად უნდა გქონდეთ Gmail.

მე სულ რაღაც ერთი დღეა რაც აღმოვჩნდი Google + -ში და უკვე გარკვეული დასკვნები გავაკეთე, თუმცა, ვფიქრობ ჯერ ადრეა საბოლოოდ გადავწყვიტოთ გამარჯვებულის ბედი ამ ორ ქსელს შორის. Google + – ის უპირატესობასი შეიძლება ჩაითვალოს Hangout, რაც ნამდვილად კარგი დამატებაა სოციალური ქსელისთვის, ასევე აღსანიშნავია ის, რომ გუგლის ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია ერთად და არც ცალკე რეგისტრაცია საჭირო ქსელში შესასვლელად. მოკლედ მთელი გუგლი ზრუნავს თქვენი კომფორტისთვის. 🙂

რაც შეეხება Facebook-ს, მგონია რომ მისი ჩამოწერა ასე მალე არასწორია, თუმცა ფაქტია ახალი სოციალური ქსელი უკვე ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს და აშკარად სერიოზული კონკურენტია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საცდელი ვერსიაა და ბევრი ფუნქცია ვერ გავიგე კარგად.

გიორგი მანთიძე 

 

შეკრება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, გამოითქვა ინიციატივა,   პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან  შეკრებისა და განცხადების შეტანის შესახებ, მოთხოვნით, მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა კონვენციის რატიფიცირება.

კონვენციას ხელი მოეწერა 2009 წელს, თუმცა მას შემდეგ აღარ მომხდარა რატიფიცირება. ამისთვის საჭიროა  პრეზიდენტამ გამოიყენოს თავისი უფლება და პარლამენტს გადასცეს დოკუმენტი რატიფიცირებისთვის. როგორც აქციის ინიცატორმა, ვახუშტი მენაბდემ თქვა, ეს არ გულისხმობს რაიმე ახალი ვალდებულების აღებას.

სწორედ რატიფიცირების დაჩქარებას მოითხოვდა დღევანდელი აქცია. შეგროვდა საკმაო რაოდენობის ხელმოწერები. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღე თბილისში სხვა ადგილებშიც აღინიშნა.

იმედია ამ ინიციატივას მოჰყვება შესაბამისი გამოხმაურება და ბოლოს და ბოლოს მოხდება კონვენციის რატიფიცირება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების მოგვარების გზაზე.

ჩემთვის პირადად კი ყველაზე სასიხარულო, შედეგის მიუხედავად, ისაა, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აწუხებს ეს პრობლემა და მოქმედებს ამ მიმართულებით.

საქართველოს ორგანული კანონი ადამიანთა კეთილდღეობის შესახებ

2011 წელი

მუხლი 1. რეგულირების სფერო:

1.1  საქართველოს ორგანული კანონი ადამიანთა კეთილდღეობის შესახებ არეგულირებს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან წვრილმან საკითხებს.

1.2  წვრილმან საკითხებში კანონის თანახმად მოიაზრება ის ადმინისტრაციულ- სამოქალაქო ურთიერთობები რომლებიც დაფუძნებულია ადამიანთა კეთილსინდისიერების საფუძველზე.

1.3  ადამიანთა კეთილსინდისიერებაში მოიაზრება ის, რაც ქართველებს არ გაგვაჩნია.

მუხლი 2.საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქცევის წესები:

2.1  საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია განისაზღვრებოდეს  ადამიანთა ასაკით თუ ვინ შეიძლება ავიდეს პირველი.

2.2 საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუც ბებოებს ეკრძალებათ მოსთხოვონ ახალგაზრდას დაუთმოს მას ადგილი. წინააღმდეგ შემთხვევაში   მათზე განხორციელებული იქნება სამართლებრივი შეღრენა.

2.3    საქართველოს ორგანული კანონის ადამიანთა კეთილდღეობის შესახებ  2.2 გათვალისწინებულ შემთხევაში ახალგაზრდა, სქესი განუსაზღვრელია, საკუთარი სურვილით წყვეტს დაუთმოს  თუ არა მოხუცს (სქესი აქაც განუსაზღვრელია) მის მიერ დაკავებული ადგილი.

2.4   ახალგაზრდა ვალდებულია ჩაუწიოს ყურსასმენს როდესაც ის უსმენს უგემოვნო მუსიკას (თუნდ გემოვნებიანი იყოს). ყურსასმენის არარსებობის შემთხვევაში ვალდებულია საერთოდ გამორთოს მომღერალი ან/და დამკვრელი  ნივთი.(დამკვრელ/ან მომღერალ ნივთს მიეკუთვნება ყველა ის ქონებრივი სიკეთე რომელიც ხმას გამოსცემს). წინააღმდეგ შემთხვევაში შეწუხებული პირი უფლებამოსილია გადაათხლიშოს ზემო აღნიშნული ხმოვანი ქონებრივი სიკეთე.

2.5 საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია მძღოლის ან /და მემანქანის მიმართ უშვერი სიტყების გამოყენება.

2.6 ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია გაუფრთხილდეს მძღოლის ნერვულ სისტემას. მემანქანეს მაინც არ ესმის და აიტანს.

2.7 თავის მხრივ მძღოლი ვალდებულია ყველა კარი გაუღოს მგზავრს, როგორც ჩასვლისას ასევე ამოსვლისას. კანონი არ ითვალისწინებს სულიერ კარებს, გულის კარს და ა.შ.

2.8 საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მგზავრები ვალდებულნი არიან   კომპაქტურად დადგნენ რათა ხელი არ შეუშალონ მგზავრთა  გადაადგილებას ავტობუსიდან  გაჩერებებზე.

მუხლი 3. ქუჩაში ქცევის წესები ფეხით მოარულთათვის:

3.1 ქუჩაში გადაადგილების დროს გამვლელს სასტიკად ეკრძალება გადაფურთხება და ნებისმიერი მსგავსი ქმედება, წინააღმდეგ შემთხვევში კანონი ითვალისწინებს პირდაპირ სადამსჯელო ღონისძიებებს

3.1.1 მოკრძალებულად გადაფურთხება დაისჯება 10  ლარით (GEL)

3.1.2 მონდომებით გადაფურთხება დაისჯება 20  ლარით (GEL)

3.1.3 ქმედების ჯიუტად განმეორებისას გადამფურთხებელი ვალდებულია აწმინდოს ან/და ალოკოს საკუთარი ნამოქმედარი.

3.2 პირებს სასტიკად ეკრძალებათ მოფარებულ ადგილებში მოშარდვა. ამისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში გამოყოფილია სპეციალური დაწესებულება საკმაოდ დიდი წარწერით.

3.2.1 ამ კანონის 3.2 მუხლის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი პირი დაისაჯოს ნამოქმედარ ტერიტორიაზე დატოვებით 12 საათის განმავლობაში, მისი მოწესრიგების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი უშვებს დასაჭურისების პრეცედენტს.

3.3 პირებს რომლებიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებიან უფლება აქვთ ისაუბრონ განუსაზღვრელი სიმაღლის ბგერებით დანუსაზღვრელ კილოზე. პირი რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ხმამაღლა მოსაუბრის მიმართ დაისჯება მისი მოსმენით.

3.4. დაუშვებელია ქუჩაში სიმღერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც სმენის არსებობა ყურის არსებობასთან არის გაიგივებული… წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევი პირი დაისჯება 24 საათის განმავლობაში საკუთარი ჩანაწერის უწყვეტად მოსმენით.

3.5. გამვლელ პირს/ პირებს უფლება აქვთ იცინონ რამდენიც გაუხარდებათ მაგრამ გონივრული ვადით.

მუხლი 4 სულიერი მდგომარეობის  კონტროლის წესი:

4.1 პირებს ეკრძალებათ მოწყენილი ან ზედმეტად ბედნიერი სახეებით გადაადგილება.

4.2 ადამიანთა გაუთავებელი წუწუნის შემთხვევაში კანონი აწესებს შესაბამის სასჯელს

4.2.1. მწუწუნებლის მიერ  წუწუნი 1 სამუშაო დღე განუწყვეტლივ შეიძლება დაიგნორდეს.

4.2.2.  მწუწუნებლის მიერ წუწუნი 7 სამუშაო დღე შეიძლება გაიკიცხოს.

4.2.3.  მწუწუნებლის მიერ წუწუნი მთელი ცხოვრება – ამ შემთხვევაში კანონი პირებს უფლებას აძლევს საკუთარი ძალებით მოუღონ ბოლო მწუწუნებელს.

მუხლი 5 გამომეტყველება:

მოქალაქენი ვალდებულნი არიან ჰქონდეთ დამშვიდებული და დაწყნარებული გამომეტყველება. კანონი კრძალავს შემდეგ სიტყვებს „მეჩქარება“, „ვაგვიანებ“, „არ მცალია“ და ა.შ.

მუხლი 6 ყმაწვილთა ქცევის წესები:

6.1  მამრობითი სქესის მქონე ყმაწვილს(ვაჟი) უფლება აქვს უარი უთხრას მდედრობითი სქესის ყმაწვილს(გოგონა) ახირებულ თხოვნაზე სახლამდე ან /და სხვა დაწესებულებამდე მიცილებაზე.

6.2  კანონის თანახმად ვაჟებს სასტიკად ეკრძალებათ თანმხლები გოგონას გოგოური ჩანთის ტარება. გოგოურ ჩანთაში კანონი მოიაზრებს თვლებით ფუშფუშებითა და სხვა მსგავსი უბედურებებით მორთულ ხელჩანთას, რომელიც წარმოადგენდა გოგონას უბრალოდ აქსესუარს.

6.3 ვაჟებს(გოგონებს) უფლება აქვს არ გადაუხადონ მგზავრობის საფასური თანმხლებ პირებს.

6.4 წყვილებს ეკრძალებათ 20 სანტიმეტრზე ახლოს მიუახლოვდნენ ერთმანეთს მაშინ როდესაც ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს.კანონი დისპოზიციურია მხოლოდ იმ შემთხვევში თუ წვილთაგან რომელიმეს ესაჭიროება ამბულატორიული დახმარება.

6.5 ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ ფეხი შემოდონ მაგიდაზე მერხზე ან/და ფანჯრის რაფაზე თუ ამის საშუალებას ფეხის სიგრძე იძლევა , რათა კომფორტულად იგრძნონ თავი.

მუხლი 7 ხანშიშესულთა ქცევი წესები:

ხანშიშესულებს უფლება აქვთ ისაუბრონ რამდენიც გაუხარდებთ იმაზე თუ რა თაობა მოდის და მიდის… საუბრით ვერაფერს შეცვლიან და გულის მოფხანა ვის რას უშავებს.

მუხლი 8 დასკვნითი დებილობები და შენიშვნები:

8.1 კანონი აწესრიგებს მასში განსაზღვრულ ყოველ ქმედებას და სხვა ქმედებებსაც რომელიც არ არის გაწერილი და რომლებიც შეადგენენ საზოგადოებაში ჰარმონიის დამკვიდრების უმთავრეს პირობას.

შენიშვნა:#1

მწუწუნებლის მაგივრად გამოიყენება წუწუნა, რომელსაც კანონის ტექსტი, სამართლებრივი ტერმინოლოგია და ნორმალური ადამიანები არ აღიარებენ.

შენიშვნა: #2

დასკვნითი დებილობების ნაცვლად უნდა იყოს დასკვნითი დებულებები მაგრამ კანონშემოქმედი სულ ვვოცნებობდი რომელიმე კანონის ან/და მსგავსი დოკუმენტის დებულებები ასეთი სახით დაეწერა ვინმეს.

კანონშემოქმედი ანია ვაშალომიძე 2011წ.