გალერეა

ცოცხალი ბიბლიოთეკა და სტერეოტიპები

This gallery contains 5 photos.

დღეს ვაკის პარკში ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის” მიერ ორგანიზებული ცოცხალი ბიბლიოთეკა მოეწყო. ბიბლიოთეკაში წიგნები იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები. მიზანი სწორედ ამ შეხედულებების დამსხვრევა იყო ,,წიგნების წაკითხვის” შედეგად და სლოგანიც შესაბამისად-,,დაამსხვრიე სტერეოტიპები-იყავი თავისუფალი” იყო. თავიდან, როდესაც ბიბლიოთეკაში წავედი, არც … Continue reading

პოსტი თითქმის ბაკალავრების შესახებ

დასრულდა თსუ-ში ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლის 4 წელი. ყველასთვის თუ არა, სტატისტიკურად 90%სთვის მაინც. ზოგი კმაყოფილია განვლილი პერიოდით, ზოგი უკმაყოფილო. ბევრი არც ჩააბარებდა აქ, რომ სცოდნოდა, რაც დახვდებოდა.

მე არ ვიცი, კმაყოფილი ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ჩავაბარებდი ისევ თსუ-ში, ისევ სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებებზე, მიუხედავად ყველაფრისა.

თუმცა, გული არ მწყდება და არც არანაირი სენტიმენტები არ მომყვება. მეგობრები, ვისი ნახვაც მინდა და მრჩება ამ პერიოდიდან, ისედაც ვნახავ, ხშირად თუ იშვიათად. თსუ-საც დავინახავ და ლექციებზე ყოფნა თუ აუტანლად მომენატრება, არა მგონია შესვლა დამიშალოს ვინმემ.

რომ ვფიქრობ რაში გავიდა ეს დრო, ვხვდები, რომ ასლების გადაღებაში.  ჩვენ ვიღებდით ,,ქსეროქსებს”.   ვიღებდით ,,ქსეროქსებს”.

ხო , ვიღებდით ,,ქსეროქსებს”.

დავდიოდით ექსკურსიებზე. თუ თვითმართველობის ორგანიზებული იყო, ვამტვრევდით ერთმანეთს თავ-პირს და მერე ვჭამდით ლობიანს, თუ ჩვენი-მწვადს და ერთმანეთს არაფერს არ ვამტვრევდით.

ვაწყობდით საახალწლოდ ქეიფებს, ძირითადად გოგოები და ვცეკვავდით Rock ‘n Roll-ზე. რა თქმა უნდა, ისევ ძირითადად გოგოები.

ვსწავლობდით. ვწუწუნებდით გამოცდებამდე, გამოცდების შემდეგ. ათენებდნენ ღამეებს სწავლაში. (სინდისმა ნება არ მომცა, რომ ვათენებდით-მეთქი, დამეწერა.)

დუეტში ლექსებს ვწერდით ლექტორებზე. (ეს რა გავამხილე!)

და კიდევ უამრავი რამ, ჩვეულებრივი, სტუდენტური ალბათ.

უპასუხი კითხვები, რომელიც დამიტოვა ამ წლებმა:

  1. რას შეისწავლის საერთაშორისო ურთიერთობები?-პირველსავე ლექციაზე გაგვაფრთხილა ლექტორმა, მაგის გაგების იმედი არ გქონდეთო და აჰა, არ ვაწყენინებ და ჩავწერ აქაც 🙂
  2. ბოლოს და ბოლოს როდის უნდა მოიწველოს ის ძროხა, რომელსაც სახელად ჰქვია ფაქიზო?! ეს ფრაზა ალბათ მარტო ჩემი ინგლისურის ჯგუფისთვის არის ცნობილი. ჩვენმა რიგით მესამემ და ბოლოს წინა ლექტორმა წარმოთქვა ერთ-ერთ ლექციაზე.  კითხვა, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა და დღემდე მაინტერესებს, ნეტა მოიწველა ის უბედური ძროხა?!
  3. მა მუ?! ეს ფრაზა ჩემს უსაყვარლეს ლექტორს ეკუთვნის და მეგრულიდან ქართულად ითარგმნება, როგორც მე რა?! ხოდა, სულ მაწუხებს ეგ კითხვა.
  4. და ბოლოს, კითხვა, რომელიც მთელს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებს აგერ უკვე მეორე დღეა გამჯდარი გვაქვს ტვინში და სადღაც ორი კვირა ასე გაგრძელდება: რას მივიღებ საბაკალავროში?!



ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა

არ ვიცი, არსებობს თუ არა კარგი ბიბლიოთეკა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მე ის არ მინახავს. საერთოდ, არც მაინცდამაინც ბევრი ბიბლიოთეკა მინახავს. მაგალითად, 4 წლის განმავლობაში სულ ორჯერ ვიყავი ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში და ორივეჯერ მეგობარს ვახლდი.

ჩემი პირველი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტობის დროს დავრეგისტრირდი, იყო ჭავჭავაძეზე მდებარე აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა, მოსახერხებელი მდებარეობის გამო.

მდებარეობის გარდა კიდევ ერთი პლიუსი აქვს: მხატვრული ლიტერატურის სახლში წაღება შეიძლება. არამხატვრული ან იქვე უნდა წაიკითხო, ან ასლი გადაიღო. იშვიათად მინახავს ამ ბიბლიოთეკაში ის წიგნი, რომელიც მჭირდება. თუ გამიმართლებდა და ვიპოვიდი, წინ საათიანი რიგი მელოდა,ასლი რომ გადამეღო.
სტუდენტზე უფრო გამოცდილი ასლების გადამღებებში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ასე რომ, დამეჯერება ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ბიბლიოთეკის ,,მექსეროქსე” ქალზე ნელი ადამიანი ამ სფეროში არ შემხვედრია. სწორედ ამიტომ არის მუდმივი რიგი.

არც ბიბლიოთეკარები გამოირჩევიან დიდი ყურადღებით ან სისწრაფით. ამ და კიდევ სხვა რამდენიმე მიზეზის გამო ბიბლიოთეკის საშვი ვადის გასვლის შემდეგ აღარ აღმიდგენია.

მე და საჯარო ბიბლიოთეკას თავიდანვე არ აგვეწყო ურთიერთობა, ალბათ ვიღაცამ დაგვწყევლა. თუმცა, იქ მაინც დიდ დროს ვატარებ.

ძალიან ვიწვალე დარეგისტრირების დროს. ასჯერ მივედი. ჯერ გავარკვიე,რა უნდა მიმეტანა. მერე მივედი და შესვენება ჰქონდათ. მერე კიდევ მივედი, ამჯერად რაღაცა იყო გაფუჭებული და ვერ დამარეგისტრირეს. ბოლოს და ბოლოს, დიდი წვალების შემდეგ ავიღე საშვი. არადა, ჩემს გარდა ეგ პრობლემა მგონი არც არავის შექმნია.

საჯაროში კატალოგისტებს, კაცმა რომ თქვას, არაფერს ვერჩი. სულ მუშაობენ, ყოველთვის ვიღაცა ჰყავთ მომლოდინე და მხოლოდ ხანდახან თუ იკბინებიან, ისე რომ, აიტანს ადამიანი. აი, წიგნის ლოდინის მომენტი საშინელებაა. გამოიწერ, ელოდები 40 წუთი და მერე აღმოჩნდება, რომ ან ვიღაცას აქვს გატანილი და კითხულობს, ან სხვა დარბაზშია, ან ვერ იპოვეს ან კიდევ სხვა რამე. 40 წუთით ადრე არავინ გეტყვის ამას. მქონია შემთხვევა, სულ სხვა წიგნი მომსვლია. ან ამოწერის დროს კატალოგისტმა აურია რამე, ან მოძებნის დროს, არ ვიცი.

ბოლოს, წიგნი რომ მოვა, აქაც ასლის გადაღების პრობლემაა. არადა, რა ვქნა, მე მირჩევნია, სახლში ვიკითხო. თანაც თუ სასწავლო მასალაა და მერეც დამიჭირდება. ასლის გადასაღებად აქაც რიგია. თუ რიგი არაა, ე.ი  აპარატი გაფუჭდა, ან გაფუჭდება. ან ხურდა არ ექნებათ, ან რამე, პრობლემებს რა დალევს.

მოკლედ, როცა საჯაროში ვარ წასასვლელი, ვიცი, რომ შერბენა არ გამოვა. ამისთვის ერთ დღით ადრე ვემზადები და ყველა საქმეს გადავდებ ხოლმე, რომ გაუთვალისწინებელი პრობლემებისთვის დრო მეყოს.

მინდა ისეთი ბიბლიოთეკა, სადაც წასვლა გამიხარდება და გამოქცევაზე არ ვიქნები.

აი, დაახლოებით ასეთი

შეუცვლელი წიგნი?!

სკოლაში 5 წლის შევედი, მას მერე ვსწავლობ, მაგრამ თანდაყოლილ სიზარმაცეს ვერაფერი მოვუხერხე. თავიდან ეს თვისება კარგი მეგონა, ქართველი ხომ ზარმაცი და ნიჭიერია. ხოდა მეც თავს ვიწონებდი იმით, რომ სახლში მეცადინეობის გარეშეც შემეძლო მხოლოდ სკოლაში წაკითხულით მომეყოლა გაკვეთილი. პირველ კლასში კალიგრაფიისთვის ერთი და იგივე ასოს მაწერინებდნენ სპეციალური რვეულის ფურცელზე. მერე თანდათან სწავლა უფრო გართულდა და პიკს ვეფხისტყაოსანის ზეპირობასთან მიაღწია, რომელიც სასაცილოდაც არ მყოფნიდა და არ მიყვარდა.

ჩემდა სამწუხაროდ სიზარმაცემ წიგნებთანაც ვერ დამამეგობრა, პატარა როცა ვიყავი მინდოდა სხვას წაეკითხა ჩემთვის, როცა მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო უფრო გავბრაზდი. ბოლო დროს გარკვეული პროგრესები მაქვს, სავარაუდოდ გამოსწორების გზას ვადგავარ (იმდენი შენ რა გითხარი © ჩემი მეორე მხარე).

ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა დაიწყო, როცა ინტერნეტ კაფე ვიხილე და შესაბამისად კომპიუტერთან დავჯექი. მალევე მივხვდი რომ კაი რამე იყო და მგონი აღარც დავშორებივარ. ურთიერთობა დაიწყო თამაშებით, თუმცა მალე ინტერნეტზეც გადავერთე. ინტერნეტი თავიდან გასართობი საშუალება იყო, გაცნობა და ა.შ. ცოტა ხანში შეიძინა უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, სასწავლო მასალების მოძიება და კითხვა. მოკლედ რომ მივიდე სათქმელთან კომპიუტერმა უფრო დამაახლოვა კითხვასთან, აღარ მეზარებოდა დავალების გაკეთება, თემის წერა და ა.შ.

  • რა თქმა უნდა ეს მაგალითი ყველასთვის არ გამოდგება კითხვის შესაყვარებლად.

ძირითადად კომპიუტერის მინუსად მიიჩნევენ ბევრ ”საცდუნებლებს” რის გამოც ქსეროქსით მეცადინეობა ურჩევნია უმეტესობას, ხანდახან მეც, რადგან მაინც ”წიგნის თაობა” ვარ. თუმცა ფაქტი ერთია, თანამედროვე ტექნოლოგიებთან კონკურენციაში წიგნი დაიჩაგრება და დროის გარკვეული ეტაპის შემდეგ სამუზეუმო ნივთად იქცევა. ბევრი ამ პროცესში ტრაგედიას ხედავს, რაც ლოგიკურია, მაგრამ აღსანიშნავია ”წიგნის თაობას” არავინ არაფერს ართმევს და შუძლიათ კვლავ დატკბნენ წიგნის გადაფურცვლის ხმით, ხოლო მომავალ თაობაში მაგ ხმას სხვა ჩაანაცვლებს.

მოკლედ მოიმატებს თუ არა წიგნის კითხვა ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ძნელი სათქმელია. თუმცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ავტომატურად უკითხავობას უდრის გადამეტებულია. მაგალითად, ქინდლი იმდენად მოსახერხებელი ხელსაწყოა კითხვასაც მოანდომებს ადამიანს. 🙂

ეს ვიდეო დღეს მეგობარმა დამიდო Facebook-ზე და პოსტის მუზაა 🙂

ბევრი წიგნი ერთ ”ხელსაწყოში” 🙂

მე და უნივერსიტეტი

ჩემი ბაკალავრიატის ბოლო სემესტრია. 4 წელი გავიდა. ბევრი კარგი რამ მახსოვს უნივერსიტეტიდან, ცუდი-უფრო მეტი, რა თქმა უნდა.

მახსოვს პირველკურსელთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ მოქმედ პირველ კურპუსში. საათობით ვიდექით რიგში და როცა, როგორც იქნა, შევედი, აღმოჩნდა, რომ გადახდილი თანხა ჯერ არ იყო ჩარიცხული და მეორე დღესაც უნდა მივსულიყავი. როგორც იქნა, გავიარე ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადავედი აკადემიურზე. მახსოვს ოთახი, სადაც ჯერ ვითომ კონსულტაცია გავიარე და მერე ვიღაც ქალმა ლექტორები ამარჩევინა. დღემდე არ მესმის, როგორ უნდა ამერჩია მაშინ ლექტორები, დრო მქონდა 5 წუთი, გამოცდელება-არანაირი. ის ქალი მეუბნებოდა ლექტორების გვარებს და მე ვპასუხობდი, რომ არ ვიცი, რომ სულერთია. ბოლოს ავირჩიე. თუმცა მერე აღმოჩდა, რომ ზოგი ლექტორი აღარ ასწავლიდა, ზოგი საზღვარგარეთ იყო და ა.შ.(სხვათა შორის, ერთ-ერთი, რომელიც რატომღაც პირველ კურსზე ჩამონათვალში იყო, მხოლოდ ამ სემესტრში დაბრუნდა ამერიკიდან).  მერე დაიწყო  ლექტორების შეცვლის ხანგრძლივი პერიოდი. მხოლოდ ამის შემდეგ-სწავლა.

არ ვიცი ყველა პირველკურსელია ასეა თუ არა, მაგრამ მე თავიდან დაბნეული ვიყავი. ვერაფერი გავიგე პირველ ლექციაზე. ლექტორების უმეტესობამ არ იცის, რომ აუდიტორიას უნდა ელაპრაკო იმ ენაზე, რომელიც ესმის, ანუ მისთვის გასაგები ტერმინებით. მომკალით და არ ვიცოდი პირველი კურსის სტუტენტმა ბევრი ის სიტყვა, რაც პირველსავე დღეს მოგვაყარეს.
მრთგუნავდნენ სტუდენტები, რომლებიც რაღაც უგზო-უკვლოდ ჩახლართულ კითხვებს სვამდნენ და თავი ყველაზე დებილი მეგონა. მერე მივხვდი, რომ ისინი უარეს დღეში იყვნენ და მაგიტომაც სჭრიდებოდათ ის ჩახლართული კითხვები.

მოკლედ, პირველი სემესტრი ისე გავიდა, ვერ გავიგე სად ვიყავი და რა მინდოდა, ან ჩემგან რა უნდოდათ, მივყვებოდი ინერციით. არც არავისთან ვმეგობრობდი. არც ვიღიმებოდი. მერე თანდათან თვალი და ჭკუა გამეხსნა და გამოვფხიზლდი.

მყოლია ყველანაირი ლექტორი. მაგალითად, მყავდა 4 სხვადასხვა ინგლისურის ლექტორი და ფაქტიურად ერთი სიტყვა ინგლისური არ მისწავლია მათგან. მყოლია ლექტორი, რომელიც მერხებს ამოწმებდა შუალედური წერის წინ, რომ მერხებზე რამე წარწერები არ ყოფილიყო გაკეთებული და ასევე მყოლია ლექტორი, რომელიც გზიდან რეკავდა, წერა დაიწყეთ და მეც შემოგიერთდებითო. მყოლია ლექტორები, რომლებსაც ვერ შეეკამათები, რადგან მხოლოდ საკუთარი აზრი ჰგონიათ ჭეშმარიტება.
მყოლია ლექტორი,1 წუთის დაგვიანების მერე აუდიტორიაში რომ არ შეგიშვებდა და ისეთიც, ნახევარი საათის დაუგვიანებლად რომ არ მოსულა ლექციაზე.
მყოლია რამდენიმე ძალიან, ძალიან კარგი ლექტორი. ასევე რამდენიმე ძალიან, ძალიან საინტერესო ლექცია. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, ლექციებზე რომ ნახევრად მეძინა, ზოგჯერ საგნის, ზოგჯერ ლექტორის და ზოგჯერ დაღლილობის გამოც.
მიკამათია ლექტორებთან. ხშირად და ძალიან ბევრ რამეზე, თუმცა არასოდეს გამიკეთებია ეს იმის გამო, რომ ვინმეს დავმახსოვრებოდი. არც დავმახსოვრებივარ.

ბევრი რამე უნივერსიტეტში ჩემს თვალწინ გამოსწორდა, მაგალითად პირველკურსელთა რეგისტრაციის საკითხი და საგნების არჩევა, თუმცა უმეტესეობა კიდევ გამოსასწორებელია და იმედია ოდესმე მაინც ვინმე იზრუნებს ამაზე.

ძალიან ბევრჯერ გამიცრუვდა იმედი ამ წლების განმავლობაში და ვიცი, რომ ჯერ კიდევ მოვასწრებ რამეს, დარჩენილ 2 თვეში. თუმცა, ერთი რამისთვის მადლობა რომ არ ვთქვა, უმადურობა იქნება: უნივერსიტეტმა სკოლის პერიოდში ჩანერგილი უაზრო სტერეოტიპებისგან გამანთავისუფლა.

რა ”სარგებლობა” მოაქვს სკოლას

საშუალო მონაცემების სკოლას საქართველოში, ისეთს, როგორიც არის უმრავლესობა (ყოველ შემთხვევაში, 4 წლის წინ იყო), თავისუფლად შეუძლია მოზარდის ფსიქიკის თუ არა, აზროვნების დამახინჯება მაინც!

წლების განმავლობაში მიყვარდა სკოლა.  მერე შემზიზღდა. მალე 4 წელი გავა, ერთხელაც კი არ მომნატრებია. მაგ 11 წლიდან  უდიდესი ნაწილი დაკარგული მაქვს და არაფერი მისწავლია.

საშუალო ქართულ საჯარო სკოლაში, თითოეულ კლასში არის 40მდე მოსწავლე, რაც, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრია. არ შეიძლება ამდენ ინდივიდთან მუშაობა, როცა ასაკი ძალიან რთულია და აზროვნება ჯერ ჩამოუყალიბებელი. (თორე ლექციებზე 100 კაცი ცოტა მეჩვენება ზოგჯერ).

როგორც წესი, მასწავლებლებს ჰყავთ საყვარელი მოსწავლეები, რომლებიც ბეჯითები არიან და დანარჩენებს არაფრად აგდებენ. არადა, სწორედ ზარმაც და ცუდ მოსწავლეს უნდა მიდგომა და დაინტერესება, თუ კარგი პედაგოგი ხარ.

წლები გადის, ხოლო სწავლების მეთოდები არ იცვლება. ვერ შეიგნეს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის ნაციონალისტური ფრაზები, რაც მაშინ ალბათ აუცილებელიც იყო, ახლა დამღუპველი შედეგის მომტანად შეიძლება იქცეს.  ვერ გაიგეს, ვინ უნდათ, რომ გაზარდონ, ნაცისტი?!

ხო, ლოგიკურად და საერთოდ აზროვნება.  ეს ის ძირითადია, რაც სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს, თორე ლოგარითმები ან რომელიმე კონკრეტული ავტორის კონკრეტული ლექსის დაზეპირება სულაც არ უნდა იყოს თვითმიზანი.  არადა, სკოლის პედაგოგთა უდიდეს ნაწილს არ უყვარს მოაზროვნე ბავშვები. არ უყვართ საპირისპირო აზრის მოსმენა და საერთოდ, აზრის მოსმენა. აზრები,ალბათ მარტო კლასიკოსებს უნდა ჰქონდეთ.

წლების განმავლობაში არ იცვლება ე.წ ,,თავისუფალი თემები”. ხომ არ შეიძლება მეხუთე კლასშიც გაზაფხული ადიდებინო ბავშვს და მეათეშიც?! გაზაფხული, სამშობლო, მთა-ბარი… რა  მნიშვნელობა აქვს! მთავარია, რამე ადიდებინო.

სკოლებში ყველაზე მეტად მაინც იმის ნაკლებობაა, რომ მოსწავლე, როგორც თანასწორი, ისე აღიქვან. არაფერს ვამბობ ბავშვების ცემაზე, რაც განათლების სისტემის ნაკლი კი არა, ცალსახად დანაშაულია.

ეეჰ, არადა, რა წლები დავკარგე არაფრის კეთებაში. თან, რაც ყველაზე ცუდია, ნახევარი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სწორად მიმაჩნდა მაშინ.

პოსტი, რა თქმა უნდა , ზოგადია და არ შეიძლება ერთნაირად ეხებოდეს ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს.

პ.ს. თუ თქვენ ისეთ სკოლაში სწავლობდით, სადაც არაფერი ხდებოდა ისე, როგორც მე დავწერე, გილოცავთ და ცოტა მშურს კიდეც თქვენი.

 


უნარ და უფლება შეზღუდულები

გეძღვნება შენ

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. თუ გინდათ ინვალიდი. არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ იმუნიტეტი მაქვს უკვე-აღარ ვრეაგირებ.

მოკლედ, მე შესაძლებლობები მაქვს შეზღუდული-გარდა იმისა, რომ საკუთარი ფეხით ვერ დავდივარ, განათლების უფლებაც მეზღუდება, გართობისაც, ქუჩაში გადაადგილებისაც.

მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. სკოლის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. შესაძლებლობები შემეზღუდა და სახლში დავჯექი. ახლაც ძალიან ცოტა ადამიანი დადის ეტლით სასწავლებელში (ალბათ), 6 წლის უკან ეგეთების ჩამოთვლას ცალი ხელის თითები ეყოფოდა. ასე რომ, მე განათლების მიღების უფლება შეზღუდული პიროვნებაც ვარ.

თავიდან რამდენიმე წელი სახლში ვიჯექი. მერე დავიწყე გარეთ გამოსვლა. ახლა როცა სადმე წასვლა მინდა სამმაგი მეხარჯება, ვიდრე თქვენ. მე ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ დავდივარ, ეგ კი არა და ზოგჯერ ტაქსისტებიც შიშით მიყურებენ და არ მიჩერებენ. მე საზოგადოებრივ ტრანსპორტ შეზღუდული ვარ.

ქუჩაში ისე მიყურებენ, თითქოს საშიში ვიყო. ან უცხო. ახლა შევეჩვიე, თავიდან გარეთ გასვლა მეზიზღებოდა. ადამიანებს ვეცოდები. მე კი არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. მე ადამიანური ურთიერთობები მაქვს შეზღუდული. და, რაღა თქმა უნდა, რომ სიყვარულის უფლებაც-ეტლი აქაც ძალიან დიდი ბარიერია.

მე დასვენების უფლება მაქვს შეზღუდული. ზღვაზე ძალიან ჭირს სახლის პოვნა. ბინა, რა თქმა უნდა იყოს, დაბალ სართულზე უნდა იყოს, ეტლით რომ შევიდე. სპეციალური ასასვლელები ქობულეთში კი არა თბილისშიც არ არის. არც დიასახლისებს უნდათ მდგმური, რომლის დანახვაც დამსვენებლებს განწყობას გაუფუჭებს (მათივე ფრაზა).

საბედნიეროდ, თუ იპოვი ბინას კარგი ადამიანებით, საღამოობით კაფეში მაინც წააწყდები გაოცებულ მზერას, როცა ცეკვა გადაწყვეტ. არავის წარმოუდგენია, თუ შეიძლება მხიარული და ბედნიერი იყო მაშინაც, როცა ეტლში ზიხარ. ასე რომ, მე გართობის უფლებაც შეზღუდული მაქვს.

მე ჩემს მთავრობას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს მარტო მაშინ ვახსენდები, როცა რაიმე დღესასწაული მოდის და ეს ძალიან გავს მოწყალებას. ზოგჯერ დაცინვასაც.

როცა ცუდად ვარ, გარეთ გასვლა და ნორმალური ცხოვრება მინდა, უკრაინა მახსენდება, სადაც რეაბილიტაციის კურსებს გავდივარ ხოლმე. იქ არ მაქვს შესაძლებლობები შეზღუდული და ვგრძნობ რამხელა სიამოვნებაა, თუნდაც ელემანტარულად მაღაზიებში დამოუკიდებლად გავლა.

როცა უკრაინის გახსენებაც არ მშველის, ის მახსენდება, რომ მე შესაძლებლობები დროებით მაქვს შეზღუდული და ოდესმე (კი არა და მალე!) აუცილებლად გავივლი, მაგრამ ვინც იცის, რომ ვერ გაივლის?! ან ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, ან რაიმე სხვა?!

მე არ მინდა სიბრალული. მე არ მინდა ადგილის დათმობა ბანკის რიგში, ან სადმე სხვაგან. მე დამოუკიდებლად ცხოვრება მინდა. მე მყოფნის ის, რისი შესაძლებლობაც ისედაც შეზღუდული მაქვს. დამიბრუნეთ განათლების, გართობის, გადაადგილების, მუშაობის, ადამიანური ურთიერთობის უფლებები!

ჩვენ გვინდა სიცოცხლის შესაძლებლობაც არ შეგვეზღუდოს!

მადლობა, მაგრამ არც ისე დებილები ვართ

ჯერ კიდევ გასულ წელს გვითხრეს ხოფერიას ,,აუდიტორიაში” დაუნი თაობა ხართო. შემდეგ იგივე ,,სპეციალურმა რეპორტაჟმა” შეგვახსენა რამდენიმე თვის წინ, რაღა თქვენ და რაღა ის თხუნელა, თავზე რო უქნეს, სამკუთხედის გვერდები ვერ დაგითვლიათ სტუდენტებსო. ხოდა, ჩვენც ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავაკეთეთ გამოკითხვა, მეტ-ნაკლებად ობიექტური შედეგის მისაღებად.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ჭკვიანი თაობა ვართ, თუმცა არც პირიქით. საერთოდაც, არ არსებობს დებილი ან გენიოსი თაობა, არსებებენ მხოლოდ ცალკეული ადამიანები.

ეს გამოკითხვა, პირველ რიგში, ჩემივე თაობის იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ მართლაც დაუნები ვართ, უბალოდ თვითონაა ,,ბედნიერი გამონაკლისი”.

სტუდენტები გამოვკითხეთ შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: ილიას უნივერსიტეტი, თსუ, სდასუ, საქართველოს უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი.

სდასუ საოცრებაა, არ ვიცი კარგი თუ ცუდი გაგებით.  დაცვამ შენობაში შეგვიშვა, მაგრამ წინასწარვე გვითხრა, ახლა ლექციებია და ვერავის იპოვითო. ჩვენ ვიფიქრეთ, ერთი სტუდენტი როგორ არ იქნება, ან ბუფეტში, ან სადმე დერეფანში, მაგრამ მართლაც, ისეთი სიწყნარე იყო, სარკოფაგში გვეგონა თავი, ჩურჩულით ვსაუბრობდით. ნახავთ კიდეც, სტუდენტებიც ისე გველაპარაკებიან, ხმადაბლა. ჩემს უნივერსიტეტში ლექციების დროსაც ხმაურია და ალბათ მაგიტომ გამიკვირდა.

ტექნიკური უნივერსიტეტი ცალკე თემაა საერთოდ. ყველაზე მეტად იქ გაგვიჭირდა სტუდენტების დათანხმება გადაღებაზე. ერთი საყვარელი, უწყინარი შესახედაობის გოგო გავაჩერეთ და ავუხსენით, რა სახის გამოკითხვას ვატარებდით. არ დაგვთანხმდა. ვეუბნები, გეპეის სტუდენტებს, როგორც წესი, ყველაზე მეტს ლანძღავენ და მოდი დავუმტკიცოთ, რომ არაა სწორი მეთქი და უცებ ეს კაფანდარა გოგო აგრესიულად მპასუხობს: მე ცხოვრებაში არავის არაფერს ვუმტკიცებ, გაიგეეე?! მეთქი, ქურდულს აწვები, დაიკო? ვერ ვპატიობ თავს, რომ ეგ არ გადავიღე, მაგრამ ალბათ კამერას გადამამტვრევდა თავზე, ან ქურდებთან მაინც ამიყვანდა.

მეორე გოგომ გვითხრა, რა შენ ეჭვი გეპარება, რომ დებილი თაობა ვართო?! აი, სწორედ ეგ იყო, ,,ბედნიერ გამონაკლისად” რომ მიაჩნია თავი. ჩემს ჯგუფში ყველა დებილიაო. შენ ხო ჭკვიანი ხარ და ბარემ შენ გკითხავ-მეთქი, ვერ დავითანხმე.

აი, მე პირადად ყველაზე მეტად ეგეთები მაღიზიანებს, ვიღაცამ შეიძლება არ იცის რომელ კონტინენტზე მდებარეობს ავსტრალია და არც გამოიდებს თავს ცოდნაზე, მაგისთანებს კი თავი სხვაზე უკეთესი ჰგონიათ.

მოკლედ, საბოლოო ჯამში,  პასუხების უმეტესობა სწორი იყო. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად ეშლებოდათ, რამდენი ზღვაა საქართველოში და ავსტალიის მდებარეობა.

ვიდეოში ვერ მოხვდა რამოდენიმე სტუდენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ხმა საერთოდ არ ისმოდა. თუმცა მათი პასუხები საერთო სურათს არ ცვლის. ვიდეო პირველია და ხარისხი გვაპატიეთ. 🙂

პ.ს. კამერისთვის მადლობა ლიტერატორს.