თითქმის მკვდარი ქალაქის ჩანაწერები

(პოსტი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე და სხვა საიტზე გამოვაქვეყნე. რაღაცეები შეიცვალა ამ პერიოდში, უკვე კომპიუტერიც მაქვს და ინტერნეტიც, მაგრამ რადგან ოზუ ისევ თითქმის მკვდარი ქალაქია, მინდა, ჩემს ბლოგზეც იყოს ეს ნაწერი).

ოთხი წლის პაუზის შემდეგ ისევ ოზურგეთში (ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი) ვცხოვრობ. არ მაქვს კომპიუტერი. ინტერნეტი მხოლოდ მობილურით. ტელევიზორი უჩვენებს ოთხ არხს, აქედან ერთს-გურიის ტელევიზიას, დროგამოშვებით. ვმუშაობ დაახლოებით რვა საათს დღეში.

ოზურგეთი თითქმის მკვდარი ქალაქია. ხალხი დადის, საკმაოდ ბევრიც. მუშაობს რამდენიმე კაფე-ბარი და რესტორანი. მათგან ერთი ბარი ნორმალურია. არ მუშაობს კინო, სამაგიეროდ გაიხსნა ახალი საავადმყოფო. არ ვიცი თუ იმართება სპექტაკლები თეატრში, ალბათ არა. ძალიან ცივა.

თითქმის მკვდარი ქალაქია – მეთქი, ვამბობ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ და რითი ერთობიან აქ ადამიანები. არც ის მახსოვს მე რას ვაკეთებდი ოთხი წლის წინ?! ალბათ მეგობრები მყავდა. ახლა აქ მხოლოდ ორი მეგობარი მყავს, ორივე გათხოვილი. ერთს ყოველ დღე ვნახულობ, მეორეს თვეში ერთხელ. ვისმენ როგორ უნდა მოუარო ბავშვს, ან რა უნდა წაიღოს სამშობიაროში და შიგნიდან მაკანკალებს.

არ მრჩება დრო ქალაქში საბოდიალოდ, ჯერ-ჯერობით, რადგან ადრე ღამდება. დღეები კი ძალიან სწრაფად გადის. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ექვსის ნახევრიდან არაფერს ვაკეთებ.

ვერ ვიტყვი, რომ მოვიწყინე ან ცუდად ვარ ამ მკვდარ ქალაქში, ალბათ ვეჩვევი და მეც ვკვდები თანდათან.

თან როცა წვიმს, ყველაფერი სველია და ნაცრისფერი, ოზუს არაფერი შეედრება…

Advertisements

ნოემბერი

ნოემბერი ჩემი თვეა. არა ფილმების გამო ( არც მიყვარს დიდად ის ცნობილი ფილმები), არა მუსიკის გამო. უბრალოდ.

მიუხედადავად იმისა, რომ საერთოდ სასწაულების არ მწამს, მჯერა, რომ ნოემბერი სასწაულია…

რაღაცნაირი თვეა. დასასრულივით. მძიმე, თან მსუბუქი. ყველაფერი ერთად.

ყოველ ნოემბერს მგონია, რომ ბოლოჯერაა ასეთი და მძაფრად განვიცდი. მერე, რომ გაივლის, ვფიქრობ, რა მაღელვებდა და რომ მომდევნო ნოემბერი იქნება ჩვეულებრივი თვე, მაგრამ როცა ახლოვდება და მოლოდინს ვიწყებ, ვხვდები, რომ  არასოდეს იქნება ჩვეულებრივი. იმიტომ, რომ ნოემბერია.  უბრალოდ ნოემბერია და იმიტომ. ჩემი ნოემბერია.

არ ვიცი, იმიტომ მიყვარს ასე განსაკუთრებით, რომ მკლავს, თუ რომ მიყვარს, იმიტომაც მკლავს. ყველაზე ცუდად და კარგად ერთდროულად ზუსტად ამ დროს  ვარ. ერთი ვიცი: სულ რომ ნოემბერი იყოს, ალბათ თავის მოკვლაზე ვიფიქრებდი… მაგრამ საერთოდ რომ არ იყოს, ცხოვრება უაზრობა იქნებოდა.

თითქმის დარწმუნებული ვარ, მე ნოემბერში მოვკვდები.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ნოემბერი ყველაფერთან ერთად სასწაულების თვეა. ჯერ კიდევ მჯერა. წინ შვიდი დღე მაქვს.

ნოემბრის სასწაულის ასხდენას გისურვებ, თამ…

ადამიანები იცვლებიან?!

ექიმ ჰაუსს თუ დავუჯერებთ, არა…

მეორე თვეა ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი საცხოვრებლად და თითქმის ყოველ დღე ვხვდები ხალხს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. უმეტესობა მათგანი სულ სხვანაირი მეჩვენება, ამიტომ, ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, იცვლებიან თუ არა ადამიანები.

წლების წინ ერთ გოგოს ვიცნობდი, თუმცა არც ისე ახლოს. იყო ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ეცვა ფერადი ელასტიკები (მაშინ არავის ეცვა), დიდი საყურეები ეკეთა, სიგარეტს ეწეოდა (ესეც იშვიათი იყო მაშინ. ჩემს ირგვლივ მაინც). სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და ოცნებობდა გერმანიაში წასვლაზე. მოკლედ, ათას ადამიანში გამოირჩეოდა. გარედან საინტერესო ჩანდა, შინაგანად არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობდი.

რამდენიმე დღის წინ შემხვდა. ერთმანეთს არ მივესალმეთ. არ ვიცი, თუ მიცნო. ეცავა ძალიან ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი, თმა ქონდა შეღებილი საშინლად. არაფერი  ფერადი. ჩანდა საშინლად დაღლილი. მუშაობს სურსათის მაღაზიაში გამყიდველად. გული დამწყდა. როგორც ჩანს, გერმანიაში არ/ვერ წავიდა. ან წავიდა და ჩამოვიდა. არაფერი გამორჩეული და საინტერესო.

იმ დღის შემდეგ სულ  ვფიქრობ, ნეტა შინაგანადაც შეიცვალა? მგონია, რომ კი…

მგონია, რომ მეც ვიცვლები, იმის შემდეგ, რაც საცხოვრებლად ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი.

ეეჰ, ექიმო ჰაუს, ადამიანები იცვლებიან…

გალერეა

ცოცხალი ბიბლიოთეკა და სტერეოტიპები

This gallery contains 5 photos.

დღეს ვაკის პარკში ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის” მიერ ორგანიზებული ცოცხალი ბიბლიოთეკა მოეწყო. ბიბლიოთეკაში წიგნები იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები. მიზანი სწორედ ამ შეხედულებების დამსხვრევა იყო ,,წიგნების წაკითხვის” შედეგად და სლოგანიც შესაბამისად-,,დაამსხვრიე სტერეოტიპები-იყავი თავისუფალი” იყო. თავიდან, როდესაც ბიბლიოთეკაში წავედი, არც … Continue reading

სსდ

დღეს რომ სარკოზობის სახალხო დღესასწაული (სსდ) აღინიშნება, უკვე მთელმა საქართველომ იცის და უხარია. სარკოზის მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით თბილისში დღეს დასვენების დღეა.

ისვენებს, როგორც ჩანს, მუნიციპალური ტრანსპორტიც, რადგან ერთ საათიანი ლოდინის მერე სახლში ფეხით წასვლა მომიწია. სამაგიეროდ, არ ისვენებს ტრანსპორტის მეორე ნაწილი, რომელსაც ხალხის თავისუფლების მოედანზე გადაყვანა ევალება. ერთ-ერთი ასეთი შეკრების ადგილი ვაკეში გეგეშიძის ბაღი ყოფილა, სადაც საკუთარი თვალით ვნახე ის ხალხი, რომელიც სარკოზთან შესახვედრად იკრიბებოდა.

რა თქმა უნდა, აქვე იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც სიებით დადიოდნენ და მოსულ ხალხს ,,გაპლიუსების” მერე ტრანსპორტში ანაწილებდნენ.

ხოდა, რამდენიმე კითხვა გამიჩნდა:

1. ამ ადამიანებს ფულს უხდიან თუ სამსახურიდან გამოყრით ემუქრებიან? თუ უბრალოდ ეშიანით და იმიტომ მიდიან?

2. ამ სიების გარეშე, უბრალოდ მისულ ადამიანს თუ დაასწრებენ სარკოზის სიტყვით გამოსვლას? (ამის გადამოწმება ძნელი არაა, მაგრამ იქ მისვლის სურვილი ამის გამოც კი არ მაქვს).

3. იმ ხალხს ზემოდან მიუთითეს, რომ საზეიმოდ გამოწყობილიყვნენ, თუ თვითონ მოინდომეს ზედმეტად? (ყოველ შემთხვევაში, მე ამდენი საზეიმოდ გამოპრანჭული ადამიანი თბილისში კარგა ხანია არ მინახავს).

მრავალ სარკოზობას დაესწარით მეთქი რა სინდისით გითხრათ :/

ბედნიერი (საცოდავი) ერი

ტრაკისკენ მიდის ჩვენი საქმე.

მთელი ქვეყნის. საზოგადოების. თუმცა, რა საზოგადოება, ბრბო უნდა მეთქვა. რაც ქვეყანაა, ისაა მთავრობაც.

ჩვენი პრეზიდენტი მწვადს წვავს. იცოდით? ჭამა ხო უყვარს და გამოსდის, მაგრამ თურმე შეწვაც რომ ეხერხება?! კარგი, ჯანდაბას შეწვაც, მერე როგორ ლამაზად ჩამოყარა შამფურიდან?! ბედნიერია მთელი ერი!

მერე რა, რომ სტუდენტებს ისე ელაპარაკება, თითქოს სხვა პლანეტიდან იყვნენ ჩამოფრენილები და მწვადი თვალით არ ენახათ აქამდე (მადლობა,ჩემო პრეზიდენტო,რომ აჩვენე). მერე რა,  რომ ყველა გამოსვლის დროს ერთი და იგივე ზღაპარს ყვება რომელიღაც მდიდარ და წარმატებულ ქვეყანაზე. მაინც ბედნიერია მთელი ერი!

ქუთაისში ველოსიპედებით სეირნობენ. ბათუმში ალი ნინოს ეხუტება. მესტიაში სეზონი იწყება. ზღვისპირა კურორტებზე წელიწადში 15 დღე წვიმს. ანაკლია გაქალაქდა. სოფო კარგადაა, ნიჟარაძე. ხოდა, ბედნიერია მთელი ერი-მეთქი!

ბედნიერი და საცოდავი. საცოდავია ის ქალი, პრეზიდენტს რომ ეხუტებოდა დღეს და მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდა. სულერთია, მართლა უყვარს თუ თვალთმაქცობდა, მაინც საცოდავია.

საცოდაობაა გაზრდილი პენსია, რომელიც უკვე იმდენჯერ დააყვედრეს პენსიონერებს, რომ მგონი იმით ნაყიდი ერთი კვირის საჭმელი ყელშიც არ გადაუვათ.

არც გვეკუთვნის უკეთესი არაფერი. მოგვწონს, საცოდავები რომ ვართ და რა უნდა ვქნათ.

ტყუილია ამ პოსტის პირველი წინადადება. არსაითკენაც არ მიდის ჩვენი საქმე. ერთ ადგილზე ვდგავართ უკვე დიდი ხანია და ცოტა ხანში სუნიც აგვივა, დამპალის.

არაფერიც არ გვეშველება.

გალერეა

მოპირადო პოსტი ჩემს ზაფხულზე

This gallery contains 4 photos.

გავიდა ზაფხული. სკოლაში ვერ ვიტანდი, როცა არდადეგებზე წერას მთხოვდნენ. ახლა არავინ მავალდებულებს, მაგრამ მინდა და ვწერ ზაფხულზე, რომელმაც თითქოს არაფერი, ისე ჩაიარა, თუმცა მაინც ყველაზე მაგარი იყო. ჩემთვის ზაფხული აგვისტოში დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტის ამბებს მოვრჩი და მშობლიურ ოზუში წავედი. ზაფხული … Continue reading

ზაფხული 2011

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია მთელი რიგი მიზეზების გამო და როგორც ნამდვილ ეგოისტს, მეგონა, რომ სხვებისთვისაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.  იმედები გამიცრუვდა.

ამ ზაფხულსაც, როგორც წინა წლებში, ბანალურად, დაიწყო პანიკა გველებისა და კალიების შემოსევის შესახებ. მეგონა, გიგანტური კალიები ივლიან ქუჩებში, ამოვლენ ავტობუსებში და დასჯიან სუნიან ადამიანებს, მაგრამ არაფერიც. ჯერ-ჯერობით, რაც მოვისმინე, არც ერთი გველი არ აღმოჩენილა შხამიანი და  არც კალიებს შეუჭამიათ ვინმე. მოსავლის გარდა. (მაგას თან რა კითხვა დაესმის).

წელსაც აღმოჩნდა, რომ მზე განსაკუთრებით მწველია და ზღვა-განსაკუთრებით საშიშად დაბინძურებული (ეტყობა მთვარის ეტლი შეეჯახა რამეს). ამიტომ, უნდა დავრჩეთ დედაქალაქში და მზისგან თავის შესაფარებლად კუს ტბაზე წავიდეთ. (აქ: შეფარება= 40 გრადუს სიცხეში მზეზე გათანგულ წოლას).

წელსაც, როგორც ყოველთვის, როდესაც დანარჩენი ქვეყანა იწვის, ჩვენს საზღვაო კურორტებზე წვიმს. ტელევიზიაში კი გვიმტკივებენ, რომ ბათუმი არის ქალაქი, სადაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ წვიმდება და საერთოდაც, სეზონი 9 თვეს გრძელდება. ხოდა, ჩვენც გვჯერა და დასასვენებლად ოქტომბრის ბოლოს მივდივართ. (მანამდე წვიმიან ბათუმში ფასებს ცეცხლი უკიდია, ტრადიციულად).

ასე ნელ-ნელა მშხამდებოდა განსაკუთრებული ზაფხული, როცა ბეწვზე გამოლეღვებამ მომისწრო. წელს, როგორც არასდროს, ადამიანები გასარუჯად ლეღვის ნახარშს იყენებენ! კიდევ კარგი, თორემ მოწყენილობით მოვკვდებოდი!  აღარ გამიგია ამდენი ლუდის გადასხმა ტანზე და გასარუჯი კრემები! ბოლოს და ბოლოს გავიგე, რატომ ამბობდნენ, ნამდვილი ლეღვიაო!

პ.ს. ამერიკაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა სიცხისგან. მართალი ყოფილა დათო ტურაშვილი, როცა წერდა, ხალხმა ტელევიზიით თუ არ მოისმინა, რომ მზეზე არ უნდა დადგეს და წყალი უნდა დალიოს, ისე ვერ ხვდებაო. მაგათ კიდევ რამე ეშველებათ, ჩვენს გამოლეღვებულებს გაფრთხილებაც რომ აღარ შველით?!

პოსტი თითქმის ბაკალავრების შესახებ

დასრულდა თსუ-ში ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლის 4 წელი. ყველასთვის თუ არა, სტატისტიკურად 90%სთვის მაინც. ზოგი კმაყოფილია განვლილი პერიოდით, ზოგი უკმაყოფილო. ბევრი არც ჩააბარებდა აქ, რომ სცოდნოდა, რაც დახვდებოდა.

მე არ ვიცი, კმაყოფილი ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ჩავაბარებდი ისევ თსუ-ში, ისევ სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებებზე, მიუხედავად ყველაფრისა.

თუმცა, გული არ მწყდება და არც არანაირი სენტიმენტები არ მომყვება. მეგობრები, ვისი ნახვაც მინდა და მრჩება ამ პერიოდიდან, ისედაც ვნახავ, ხშირად თუ იშვიათად. თსუ-საც დავინახავ და ლექციებზე ყოფნა თუ აუტანლად მომენატრება, არა მგონია შესვლა დამიშალოს ვინმემ.

რომ ვფიქრობ რაში გავიდა ეს დრო, ვხვდები, რომ ასლების გადაღებაში.  ჩვენ ვიღებდით ,,ქსეროქსებს”.   ვიღებდით ,,ქსეროქსებს”.

ხო , ვიღებდით ,,ქსეროქსებს”.

დავდიოდით ექსკურსიებზე. თუ თვითმართველობის ორგანიზებული იყო, ვამტვრევდით ერთმანეთს თავ-პირს და მერე ვჭამდით ლობიანს, თუ ჩვენი-მწვადს და ერთმანეთს არაფერს არ ვამტვრევდით.

ვაწყობდით საახალწლოდ ქეიფებს, ძირითადად გოგოები და ვცეკვავდით Rock ‘n Roll-ზე. რა თქმა უნდა, ისევ ძირითადად გოგოები.

ვსწავლობდით. ვწუწუნებდით გამოცდებამდე, გამოცდების შემდეგ. ათენებდნენ ღამეებს სწავლაში. (სინდისმა ნება არ მომცა, რომ ვათენებდით-მეთქი, დამეწერა.)

დუეტში ლექსებს ვწერდით ლექტორებზე. (ეს რა გავამხილე!)

და კიდევ უამრავი რამ, ჩვეულებრივი, სტუდენტური ალბათ.

უპასუხი კითხვები, რომელიც დამიტოვა ამ წლებმა:

  1. რას შეისწავლის საერთაშორისო ურთიერთობები?-პირველსავე ლექციაზე გაგვაფრთხილა ლექტორმა, მაგის გაგების იმედი არ გქონდეთო და აჰა, არ ვაწყენინებ და ჩავწერ აქაც 🙂
  2. ბოლოს და ბოლოს როდის უნდა მოიწველოს ის ძროხა, რომელსაც სახელად ჰქვია ფაქიზო?! ეს ფრაზა ალბათ მარტო ჩემი ინგლისურის ჯგუფისთვის არის ცნობილი. ჩვენმა რიგით მესამემ და ბოლოს წინა ლექტორმა წარმოთქვა ერთ-ერთ ლექციაზე.  კითხვა, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა და დღემდე მაინტერესებს, ნეტა მოიწველა ის უბედური ძროხა?!
  3. მა მუ?! ეს ფრაზა ჩემს უსაყვარლეს ლექტორს ეკუთვნის და მეგრულიდან ქართულად ითარგმნება, როგორც მე რა?! ხოდა, სულ მაწუხებს ეგ კითხვა.
  4. და ბოლოს, კითხვა, რომელიც მთელს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებს აგერ უკვე მეორე დღეა გამჯდარი გვაქვს ტვინში და სადღაც ორი კვირა ასე გაგრძელდება: რას მივიღებ საბაკალავროში?!